ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ, უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გამართა.
„გზის უკანონო გადაკეტვით შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ, რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გამართა“, – აცხადებენ ოკუპირებული აფხაზეთის “პრეზიდენტის პრესსამსახურში”.
ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, დიმიტრი კუჭუბერიამ მომხდარს „მასობრივი არეულობები“ უწოდა.
“ორშაბათს, ნაშუადღევს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომის შემდეგ, სახალხო კრების შენობის ეზოში, ხუთმა მოქალაქემ ჩაიდინა უკანონო ქმედებები რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატის მიმართ“,- ამის შესახებ ე.წ. გენერალურმა პროკურორმა, ადგურ აგრბამ განაცხადა.
აგრბამ დასძინა, რომ ინციდენტში მონაწილე პირები დააკავეს.
„მოგვიანებით, დაკავებულთა ახლობლებმა და ოპოზიციური ძალების წარმომადგენლებმა დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით, სცადეს ძალადობრივი შეღწევა აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში, რაც სამართალდამცველებმა შეაჩერეს. მოვითხოვ, თავი შეიკავონ შემდგომი უკანონო ქმედებებისგან, რომლებიც მიზნად ისახავს რესპუბლიკაში სოციალური მდგომარეობის დესტაბილიზაციას“, – განაცხადა აგრბამ.
ოპოზიცია ამტკიცებს, რომ დაკავება უკანონო და მომხდარის არაპროპორციული იყო. დაკავებულების ახლობლებმა და სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლებმა დაკავებული პირების გათავისუფლების მოთხოვნით გუმისთას ხიდი გადაკეტეს.
ოპოზიციის განცხადებით, აქციის მონაწილეებმა საერთო ჯამში, სოხუმისკენ მიმავალი სამი ძირითადი გზა გადაკეტეს – გუმისთას ხიდი, ქვემო გუმისთას ხიდი და კოდორის ხიდი.
მანამდე, ცნობილი გახდა, რომ “ოპოზიცია” 15 ნოემბერს, როცა ე.წ. პარლამენტი რუსულ-აფხაზური საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირების საკითხს განიხილავდა, აქციის გამართვას გეგმავდა.