კრემლი: ტრამპსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი არ შემდგარა
კრემლმა უარყო ინფორმაცია აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბრის შესახებ.
„ეს სრულიად არ შეესაბამება სიმართლეს. ეს არის გამოგონილი ამბავი და მცდარი ინფორმაცია. არანაირი საუბარი არ შემდგარა. ეს არის ნათელი მაგალითი ინფორმაციის ხარისხის, რომელიც ახლა ქვეყნდება, ზოგჯერ საკმაოდ კარგი რეპუტაციის მქონე გამოცემებშიც კი“, – აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა.
პესკოვმა განაცხადა, რომ პრეზიდენტებს შორის საუბართან დაკავშირებით კონკრეტული გეგმა ჯერჯერობით არ არსებობს.
ცნობისთვის, Washington Post-მა ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა და ტრამპმა პუტინს უკრაინაში ომის ესკალაციისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.