ნინო წილოსანი: თავშეკავებული რომ ვიყო, ვიტყოდი, ალბათ საელჩოს გვერდი ვინმემ გატეხა და ეს არამეგობრული ტექსტი დაიწერა იმიტომ, რომ გერმანიის საელჩოს დისკრედიტაცია მოხდეს

მმართველი გუნდის წევრი ნინო წილოსანი საქართველოში გერმანიის საელჩოს განცხადებას გამოეხმაურა.

“ჩვენდა სასიხარულოდ და საამაყოდ, საქართველოს არასდროს ჰქონია ისტორიაში ისეთი უმძიმესი მომენტები, როგორიც ჰქონდა გერმანიას ებრაელების მიმართ. ის მასიური წამების და ჩაგვრის მომენტები იყო. ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ მთლიანად ქართული იდენტობა გულისხმობს, როგორც ადამიანის უფლებების, ისევე ტოლერანტობის და დემოკრატიის დაცვას.

ძალიან თავშეკავებული რომ ვიყო, ვიტყოდი, ალბათ საელჩოს გვერდი ვინმემ გატეხა და ეს ნამდვილად არამეგობრული და არაობიექტური ტექსტი დაიწერა მხოლოდ იმიტომ, რომ გერმანიის საელჩოს დისკრედიტაცია მოხდეს”, – აცხადებს ნინო წილოსანი.

ცნობისთვის, საქართველოში გერმანიის საელჩო წერს: “ათწლეულების განმავლობაში გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკას ჩაკეტილი ჰყავდა მოქალაქეები ჩაგვრისა და ძალადობის სისტემაში. გდრ-ის მოქალაქეებმა, გამოიჩინეს რა გამბედაობა და სურვილი, თავად განესაზღვრათ საკუთარი ბედი და ეცხოვრათ თავისუფლებაში, მიაღწიეს ბერლინის კედლის დანგრევას. ამით მათ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ადამიანებთან ერთად შექმნეს საფუძველი გერმანიის გაერთიანებისთვის და თავისუფალი, ერთიანი ევროპისთვის. დღესაც შეიძლება იგივე ითქვას: თავისუფლება თავისთავად არ მოდის, ჩვენ მისთვის უნდა ვიბრძოლოთ – ასე იყო მაშინაც და ასე არის დღესაც, აქაც და მთელს მსოფლიოში”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები