ტრამპის ერთ-ერთი იდეა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შესაჩერებლად ევროპული ჯარების ბუფერულ ზონაში შეყვანაა

დონალდ ტრამპის მომავალი ადმინისტრაცია რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შესახებ სამშვიდობო წინადადებას იკვლევს, რომელიც ბრიტანეთის და სხვა ევროპული ჯარების ბუფერულ ზონას მოიცავს ფრონტის ხაზის გასწვრივ.

აღნიშნული გეგმა ითვალისწინებს აშშ-ს პირდაპირი ჩართულობის შემცირებას, ხოლო პასუხისმგებლობა  ბუფერის შენარჩუნებაზე საკუთარ თავზე ევროპულმა ქვეყნებმა უნდა აიღონ. Wall Street Journal-ში მოყვანილი წყაროების თანახმად, ტრამპის გუნდი თვლის, რომ მშვიდობის აღსრულების ხარჯები და რისკები უნდა დაეკისროს ევროპულ ქვეყნებს და არა აშშ-ს, რაც ემთხვევა „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ პოზიციას, რომელიც ტრამპის წინასაარჩევნო ლოზუნგიც იყო.

შემოთავაზებული 1200 კილომეტრიანი ბუფერული ზონა, რომლის კონტროლიც უშუალოდ ევროპულ ძალებს დაეკისრება, გავრცელებული ინფორმაციით, განიხილება ტრამპის წრეში, როგორც საომარი მოქმედებების შეჩერების საშუალება აშშ-ზე დამატებითი სამხედრო ვალდებულებების დაკისრების გარეშე.

ტრამპის მრჩევლებმა გამოთქვეს სკეპტიციზმი ამერიკული ჯარების გაგზავნის ან სამშვიდობო ძალისხმევის დაფინანსების შესახებ. Wall Street Journal-ი ერთ-ერთ წყაროს ციტირებს: „ჩვენ შეგვიძლია მოვახდინოთ წვრთნა და სხვა მხარდაჭერა, მაგრამ თოფის ლულა ევროპული იქნება… ჩვენ არ ვიხდით ამაში ფულს”.

ამ წინადადებას მნიშვნელოვანი კრიტიკა მოჰყვა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მხრიდან, რომელმაც ევროპისთვის სახიფათო უწოდა ტერიტორიების დათმობის ნებისმიერ ნაბიჯს. ზელენსკიმ, ამ კვირაში ბუდაპეშტში ევროპელ ლიდერებს მიმართა და გააფრთხილა, რომ „სამართლიანი მშვიდობის შეძენა შესაძლებელია მხოლოდ ძალის ჩვენებით“ და დასძინა, რომ რუსეთისთვის ტერიტორიების დათმობა იქნება „თვითმკვლელობა მთელი ევროპისთვის“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები