ალიევი – “ვულოცავ ტრამპს არჩევნებში თავდაჯერებულ გამარჯვებას”
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დონალდ ტრამპს „არჩევნებში თავდაჯერებული გამარჯვება“ მიულოცა.
ალიევის თქმით, აზერბაიჯანი ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების ყოვლისმომცველ განვითარებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.
„თქვენი პირველი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში თქვენ დიდ ყურადღებას აქცევდით აზერბაიჯანსა და შეერთებულ შტატებს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის ურთიერთობების განმტკიცებას, ასევე ჩვენი თანამშრომლობის მუდმივ და თანმიმდევრულ განვითარებას. კმაყოფილებით აღვნიშნავ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენი პარტნიორობა დაფუძნებულია ორმხრივ ნდობასა და მხარდაჭერაზე. ჩვენი ურთიერთობა ყოველთვის გამოირჩეოდა დინამიკური და აღმავალი განვითარებით. განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა თქვენს მუდმივ და მტკიცე მხარდაჭერას აზერბაიჯანის ენერგეტიკულ სტრატეგიაში“, – აღნიშნა ალიევმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ტრამპის ახალი პრეზიდენტობის დროს ქვეყნებს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდება და თანამშრომლობის ახალი სფეროები გამოვლინდება.
„აზერბაიჯანი გააგრძელებს თავის საქმიანობას სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ერთობლივ ძალისხმევას აზერბაიჯანსა და შეერთებულ შტატებს შორის მეგობრული ურთიერთობების გასაძლიერებლად, ჩვენი ქვეყნების ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული პარტნიორობის ხელშეწყობისთვის“, – ნათქვამია გავრცელებულ მილოცვაში.
ტრამპს გამარჯვება ამ დროისთვის უკვე მრავალი უცხო ქვეყნის ლიდერმა მიულოცა.