ოკუპირებულმა აფხაზეთმა და რუსეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელსაც აფხაზური ე.წ. ოპოზიცია ეწინააღმდეგებოდა
რუსეთის ხელისუფლებამ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობასთან გააფორმა შეთანხმება, რომლითაც რუსულ კომპანიებს დე ფაქტო რესპუბლიკაში საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესაძლებლობა ეძლევათ.
1 ოქტომბერს მოსკოვმა ოკუპირებულ აფხაზეთს საბიუჯეტო დაფინანსება შეუჩერა, მოთხოვნებს შორის ერთ-ერთი ამ დოკუმენტის ხელმოწერა იყო. აფხაზური ე.წ. ოპოზიცია შეთანხმებას ეწინააღმდეგება.
დოკუმენტს მოსკოვში ხელი მოაწერეს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა კრისტინა ოზგანმა და რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა, მაქსიმ რეშეტნიკოვმა.
რუსული უწყების ცნობით, დოკუმენტი განსაზღვრავს მხარეების უფლებებს და ვალდებულებებს, ადგენს მხარდაჭერის ნორმებს ოკუპირებულ აფხაზეთში საინვესტიციო საქმიანობით დაკავებული იურიდიული პირებისთვის.
„შეთანხმება საშუალებას იძლევა, რესპუბლიკის ეკონომიკაში დამატებითი რუსული ინვესტიციების მოსაზიდად და ამით ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის, წარმოების, ტურიზმის, სანატორიუმებისა და დასვენების მიმართულების განვითარებას. დოკუმენტი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ მისი მოქმედება მიზნად ისახავს დამხმარე ინფრასტრუქტურის – გაზმომარაგების, წყალმომარაგების, გათბობის, ტრანსპორტის, სოციალური და ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარებას”, – განაცხადა მაქსიმ რეშეტნიკოვმა.
ამ დოკუმენტის ძალაში შესვლას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის სავალდებულო რატიფიცირება სჭირდება.