“ამერიკელები კვლავ აფასებენ კანონის უზენაესობას, მაგრამ ნდობის დაცემა 2024 წლის არჩევნებს მნიშვნელოვან გამოწვევებს უქმნის” – მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი აშშ-ზე

მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტმა სპეციალური ანგარიში – „კანონის უზენაესობა შეერთებულ შტატებში და 2024 წლის არჩევნები“ გამოაქვეყნა.

შეერთებული შტატების მოსახლეობის გამოკითხვაზე დაფუძნებული ანგარიში განიხილავს კანონის უზენაესობის პრობლემებს, რომელიც ამერიკაში ბოლო წლების განმავლობაში განვითარდა და სისტემის მიმართ მოსახლეობის უნდობლობაში გამოიხატება.

ანგარიშის თანახმად, სახელისუფლებო ანგარიშვალდებულების აღქმა, 2013 წლიდან მოყოლებული მკვეთრად შემცირებულია და 2018 წლიდან მკვეთრად გაუარესდა. რესპონდენტთა წილი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მაღალი თანამდებობის პირები კანონის დარღვევისთვის პასუხს აგებენ, 11 წლიან პერიოდში თითქმის განახევრდა, 30 პროცენტული პუნქტით შემცირდა და მხოლოდ 35%-ს შეადგენს.

გამოკითხულთა წილი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მოსამართლეები საქმეებს დამოუკიდებლად წყვეტენ, მხოლოდ 47%-ს შეადგენს, (რაც ამ გამოკითხვის ახალი ისტორიული მინიმუმია), მაშინ როცა 2018 წელს 65% იყო დარწმუნებული მოსამართლეთა დამოუკიდებლობაში. რესპონდენტთა წილი, რომლებიც მიიჩნევენ რომ მოსამართლეები არ არიან მიუკერძოებლები ფულისა და გავლენების მიმართ, მხოლოდ 31%-ს შეადგენს, მაშინ როცა 2018 წელს 38%-ს მაინც ჰქონდა ნდობა კეთილსინდისიერებისა, ამ მაჩვენებლის მიმართ.

2018 წლიდან შემცირებულია პროკურორთა დამოუკიდებლობის აღქმაც.

“გაღრმავებული პოლარიზაცია და უნდობლობა, განსაკუთრებით საარჩევნო პროცესთან და სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით, ხაზს უსვამს განახლებული ძალისხმევის აუცილებლობას კანონის უზენაესობისადმი რწმენის აღსადგენად, – ნათქვამია მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის სპეციალურ ანგარიშში.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ყველა ამერიკელს უნდა შეეძლოს, ენდოს სამართლიანობას და ეროვნული ინსტიტუტების მიუკერძოებლობას.

“წინსვლის გზა უნდა მოიცავდეს ამ საკითხების პირდაპირ განხილვას, მოქალაქეთა გაგების გაძლიერებას აშშ-ის მთავრობისა და საარჩევნო პროცესების შესახებ, უფრო ინკლუზიური, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული სამართლებრივი სისტემის ხელშეწყობას და იმის უზრუნველყოფას, რომ ყველა ამერიკელს, მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა, შეუძლია, ენდოს სამართლიანობას და ეროვნული ინსტიტუტების მიუკერძოებლობას.“- ვკითხულობთ ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები