ირაკლი ნადარეიშვილი: „იგლ ჰილს”-ის პროექტი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს დასაქმების კუთხით – სამშენებლო პერიოდში დაახლოებით 24 000, შემდგომ კი 8 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება”
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ირაკლი ნადარეიშვილის ინფორმაციით, კომპანია „იგლ ჰილს”-თან უკვე არაერთი ქართული კომპანია თანამშრომლობს ძალიან მსხვილი პროექტებით – ისინი მუშაობენ კვლევებზე, არქიტექტურაზე, დიზაინზე, გენერალური გეგმის შედგენაზე და ა.შ.
„ჩვენ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს ამ ხალხთან, რადგან ისინი დღეს ამ პროექტის განვითარებით არიან დაკავებული. მათ შორის, აღვნიშნავ გენგეგმას, რომელიც ახლა დამუშავების პროცესშია – მასზე მომუშავე კომპანიების აბსოლუტური უმრავლესობა ქართულია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისინი განსაკუთრებულ გამოცდილებას იღებენ ასეთი დონის კომპანიასთან მუშაობით”, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.
ამასთან, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ხაზს უსვამს უმსხვილესი არაბული დეველოპერული კომპანია „იგლ ჰილსის” პოლიტიკას ამ კუთხით – ყველა ქვეყანაში, სადაც ის ოპერირებს, მაქსიმალურ აქცენტს აკეთებს ადგილობრივ მიმწოდებლებზე, სხვადასხვა სერვისი იქნება ეს, თუ მშენებლობა, მასალები და ა.შ.
„ასეთი ტიპის კომპანიები, როგორც წესი, პარალელურად ინვესტიციას აკეთებენ კადრებში, რასაც აუცილებლად ექნება ადგილი საქართველოში და ჩვენ ვიხილავთ ყველა მიმართულებით კვალიფიკაციების ძალიან მნიშვნელოვან ზრდას. დეველოპმენტი ამ თვალსაზრისით ყველაზე ინკლუზიურია მიმართულებაა, აქ ვსაუბრობთ არქიტექტურულ, დიზაინის, საკონსულტაციო სერვისებზე, ასევე მარკეტინგზე, სარეკრეაციო სივრცეების განვითარების აბსოლუტურად ახალ სტანდარტზე, რომელსაც ჩვენ თბილისსა და გონიოში დაგეგმილი პროექტების ფარგლებში ვიხილავთ”, – განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ტურიზმის სექტორსა და იმ დადებით ეფექტზე, რასაც „იგლ ჰილსის” პროექტი მოიტანს დარგისთვის. მისი შეფასებით, პროექტი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოში ახალი მიზიდულობის ცენტრების შექმნის პროცესში.
„ტურიზმის სექტორი თავისთავად პრიორიტეტს წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისთვის, ძალიან დიდი ინვესტიცია კეთდება სახელმწიფოს მხრიდან ტურიზმის მიმართულებით – როგორც პირდაპირი ფრენების უზრუნველყოფის, ასევე ქვეყნის პოპულარიზაციის და ახალი ბაზრებიდან ტურისტების შემოყვანის თვალსაზრისით. „იგლ ჰილს”-ის პროექტი უმნიშვნელოვანესი იქნება იმისთვის, რომ ტურისტებისთვის ახალი მიზიდულობის ცენტრები გავაჩინოთ. ალბათ, აქ უნდა ვისაუბროთ გონიოზე, რომელიც დიდ როლს ითამაშებს იმაში, რომ აჭარა 4-სეზონიანი ტურიზმის ადგილი გახდეს”, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.
ამასთან, როგორც ირაკლი ნადარეიშვილმა აღნიშნა, „იგლ ჰილს”-ის პროექტი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს დასაქმების კუთხით – სამშენებლო პერიოდში დაახლოებით 24,000, შემდგომ კი 8,000 სამუშაო ადგილი შეიქმნება.
„წინასწარი პროგნოზირებით, გადასახადები და შემოსავალი, რაც კომპანიას ექნება პარტნიორობიდან გამომდინარე, დაახლოებით 700 მლნ ლარი იქნება. ეს არის დამატებითი ინვესტირება სახელმწიფოს მხრიდან ინფრასტრუქტურაში, სკოლებში, საბავშვო ბაღებში, სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებში და სხვ,” – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.