ომის გაყინვა და აშშ-ის ჩართულობის მინიმუმამდე შემცირება – რა გეგმები აქვს ტრამპს უკრაინასთან დაკავშირებით
თუ ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნდება, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი უკრაინის ომის სწრაფად დასრულებას „გაყინვით“ აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია Financial Times-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ტრამპის გუნდის გეგმების მიხედვით, კონფლიქტი შეიძლება გადაწყდეს ავტონომიური ზონებისა და დემილიტარიზებული ზონების შექმნით საზღვრის ორივე მხარეს, მაგრამ უკრაინის ნატოში გაწევრიანების გარეშე.
ევროპის ქვეყნებს სთავაზობენ სამშვიდობო პროცესის გარანტორისა და „ზედამხედველის“ როლის შესრულებას, ხოლო აშშ-ისა და ნატოს მონაწილეობა მინიმალური იქნება.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ტრამპი და მისი ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატი, ჯეი დი ვენსი არაერთხელ საუბრობდნენ უკრაინაში ომის დასრულების სურვილზე.
ტრამპის მოკავშირეები ამტკიცებენ, რომ უკრაინა ომს აგებს და, შესაბამისად, მორალურად სწორია კონფლიქტის მოგვარების მოთხოვნა.
მათ მიაჩნიათ, რომ ბაიდენი უნდა ესაუბროს პუტინს, როგორც პრეზიდენტები ესაუბრნენ საბჭოთა ლიდერებს ცივი ომის დროს და რომ ნატოში გაწევრიანება არ არის უკრაინის არჩევანი მოკლევადიან პერსპექტივაში. წევრობა შეიძლება დღის წესრიგიდან რამდენიმე წლით ამოღებულ იქნეს, რათა რუსეთს მოლაპარაკება აიძულოს.
რაც შეეხება იმას, როგორ უნდა აიძულონ პუტინი მოლაპარაკებაზე, პენტაგონის თანაშემწე ტრამპის პირველ ვადაში, ელბრიჯ კოლბი ვარაუდობს, რომ ტრამპი შეიძლება, დაემუქროს რუსეთის ეკონომიკას ნავთობისა და გაზის ფასების შემცირებით.