ინდოეთის პრემიერ-მინისტრი: რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას ვემხრობით
რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე კონფლიქტში, ჩვენ მშვიდობისა და სტაბილურობის სწრაფად აღდგენას სრულად ვუჭერთ მხარს, – ამის შესახებ ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ ვლადიმერ პუტინს BRICS-ის სამიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განუცხადა.
„რაც შეეხება რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე კონფლიქტს: ჩვენ რეგულარული კონტაქტი გვაქვს. როგორც უკვე ვთქვი, ჩვენ გვჯერა, რომ პრობლემები მშვიდობიანი გზით უნდა გადაწყდეს და მშვიდობისა და სტაბილურობის სწრაფად აღდგენას სრულად მხარს ვუჭერთ. პრიორიტეტს ჰუმანურობას ვანიჭებთ და მზად ვართ, ნებისმიერი სახის შესაძლო დახმარება მომავალშიც გაგიწიოთ“, – განაცხადა ნარენდრა მოდიმ.
ცნობისთვის, BRICS-ის სამიტი ყაზანში დღეს დაიწყო და იგი 24 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამიტზე დასწრებას და რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრას გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეშიც გეგმავს, რასაც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.