აჭარის მთავრობა: ბათუმში ოცნების ქალაქის მეორე ეტაპისთვის 30 მილიონი ლარია გათვალისწინებული

უახლოეს პერიოდში გამოცხადდება ოცნების ქალაქის მეორე ეტაპი და ამ მიმართულებით გათვალისწინებულია 30 მლნ ლარი,- ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, პროექტის ფარგლებში 1100 ახალი ბინა აშენდება.

,,ჩვენ მომავალი წლის ბიუჯეტს ვგეგმავთ 11%-იანი ზრდით. უკვე გამოცხადდა შესაბამისი სატენდერო პროცედურები სხვადასხვა პროექტების განსახორციელებლად. უახლოეს პერიოდში გამოცხადდება ოცნების ქალაქის მეორე ეტაპი და ამ მიმართულებით გათვალისწინებულია 30 მლნ ლარი. აღნიშნული პროექტის ფარგლებში აშენდება 1100 ახალი ბინა და ყველა იქ მაცხოვრებელი, იქნება დაკმაყოფილებული უსაფრთხო, თანამედროვე საცხოვრისით. იზრდება როგორც კაპიტალური, ასევე სპეციალური ტრანსფერები ყველა მუნიციპალიტეტში, რისთვისაც მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, ბატონ პრემიერ მინისტრს, რადგან გაითვალისწინეს ჩვენი თხოვნა და მაღალმთიანი აჭარის რიგ მუნიციპალიტეტებს გაეზრდებათ დღგ-ს შესაბამისი განაკვეთი, რაც მათ მისცემს საშუალებას საბიუჯეტო ღონისძიებები კიდევ უფრო ეფექტიანად დაგეგმონ. ბიუჯეტის ზრდის ფარგლებში, აჭარაში, როგორც ცენტრალურ აპარატში, ასევე შესაბამის საქვეუწყებო დაწესებულებებში საჯარო მოხელეებს გაეზრდებათ ხელფასი და დარწმუნებული ვარ ეს იქნება სტიმული საქმის ეფექტიანად და კეთილსინდისიერად კეთების” – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის ცნობით, რესპუბლიკური ბიუჯეტი 85 400 000 ლარით გაიზარდა და 850 100 000 ლარს შეადგენს. გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში უკვე გამოცხადდა ტენდერი სხვადასხვა მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრამების განხორციელებაზე. მათ შორის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში FIFA-ს სტანდარტის, 450 მაყურებელზე გათვლილი ,,მაჭახელას” საფეხბურთო სტადიონის, დაბა ხულოს სპორტული სკოლის და საფეხბურთო სტადიონის მოწყობის სამუშაოებზე. დაბა ქედაში, “საფეხბურთო კლუბ ბეთლემის” სტადიონის სამშენებლო სამუშაოებზე, 800 მაყურებელზე გათვლილი FIFA-ს სტანდარტის მინდვრის საფარის მქონდე სტადიონის პროექტის ღირებულება 6 314 540 ლარია. გამოცხადდა ტენდერი ქობულეთში, კიდევ ერთი, ახალი 1.4 კილომეტრიანი ზღვისპირა პარკის მოწყობის სამუშაოებზე. ასევე დაიწყება ქობულეთის ეკომიგრანტების საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა.

გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში დაფინანსდება მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პროექტი. აჭარაში წყლის სისტემის განვითარებისთვის 13 000 000 ლარი დაიხარჯება. განხორციელდება მთის კურორტებისა და სარეკრეაციო ადგილების განვითარების ხელშემწყობი პროექტები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები