ნატო ალიანსში უკრაინის მიწვევას უახლოეს მომავალში არ გეგმავს – ნატო-ში აშშ-ის წარმომადგენელი
ნატო-ს პარტნიორები უახლოეს მომავალში ალიანსში კიევის გაწევრიანებას არ გეგმავენ,- ამის შესახებ ნატო-ში აშშ-ის მისიის ხელმძღვანელმა, ჯულიან სმიტმა განაცხადა.
“ვფიქრობ, რომ ნატო-ს პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან მკაფიოა. ჩვენ არ ვართ იმ ეტაპზე, როდესაც ალიანსი მოკლევადიან პერსპექტივაში მიწვევაზე საუბრობდეს. მაგრამ, როგორც ყოველთვის, გავაგრძელებთ საუბარს ჩვენს მეგობრებთან უკრაინაში, თუ რა გზებით შეუძლიათ მათ ალიანსში გაწევრიანება. ჩვენ ამ ზაფხულს განვაცხადეთ, რომ უკრაინა გაწევრიანების შეუქცევად გზაზე დგას”,- განაცხადა სმიტმა.
17-18 ოქტომბერს, ბრიუსელში, ნატო-ს მინისტერიალის წინა დღეს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ომში, უკრაინის გამარჯვების გეგმის პირველი პუნქტი უკრაინის ნატო-ში მიწვევა არის, რაც, მისი თქმით, შეიძლება, მშვიდობისთვის ნამდვილად ფუნდამენტური გახდეს.