ნინო ლაცაბიძე: ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით, რუსთავში 450 სპორტსმენსა და მწვრთნელს გადავეცით უმაღლესი ხარისხის სპორტული ეკიპირება
რუსთავის მერიამ, წარმატებული რუსთაველი სპორტსმენებისთვის და მწვრთნელებისთვის, სრული სპორტული ეკიპირება შეიძინა. დღეიდან რუსთაველი სპორტსმენები ყველა საერთაშორისო, საქალაქო ტურნირებსა და ჩემპიონატებზე, ქალაქის ბრენდინგით გაფორმებული, მაღალი ხარისხის სამოსით წარდგებიან.
რუსთავის მერიის ინფორმაციით, ექსკლუზიურად შექმნილი სპორტული სამოსი, წარმატებულ სპორტსმენებსა და სპორტის განვითარების ცენტრის ყველა მწვრთნელ-მასწავლებელს, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ გადასცა.
ქალაქის მერმა მათ სპორტულ კარიერაში შემდგომი წარმატებები უსურვა და რუსთავის სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული რეფორმის შესახებ, პრეზენტაცია წარუდგინა.
,,ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით, რუსთავში 450 სპორტსმენსა და მწვრთნელს გადავეცით უმაღლესი ხარისხის სპორტული ეკიპირება. იმედი გვაქვს, რომ ისინი კიდევ უფრო მეტი სიამაყითა და მონდომებით წარმოაჩენენ ჩვენს ქალაქს და ჩვენს ქვეყანას სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივ ტურნირებზე. ჩვენ სპორტის სფეროში დაწყებულ რეფორმას ვაგრძელებთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტმა ახალგაზრდამ დაუკავშიროს საკუთარი ცხოვრება სპორტს”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
რუსთავის სპორტის საგანმანათლებლო მუზეუმში გამართულ ღონისძიებას, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრები, რუსთაველი სპორტსმენები და მწვრთნელები ესწრებოდნენ.
,,მიხარია, რომ ამ ქალაქში ვცხოვრობ. ბოლო წლებში რუსთავში სპორტის ხელშეწყობის მიზნით, მართლაც ბევრი რამ გაკეთდა, გვაქვს ახალი სპორტის სასახლე, ცოტა ხნის წინ გაიხსნა სპორტის საგანმანათლებლო მუზეუმი და დღეს რუსთაველ სპორტსმენებს ქალაქის მერმა გადმოგვცა ახალი სპორტული ეკიპირება”, – – განაცხადა ოლიმპიურმა პრიზიორმა კრივში ლაშა გურულმა.
სპორტის სხვადასხვა სახეობაში, რუსთავში ყოველწლიურად 1200 მოსწავლე ვარჯიშობს. საქართველოს, ევროპისა და მსოფლიო ტურნირებზე წარმატებით მოასპარეზე რუსთაველი სპორტსმენები, მერიისგან დაწესებულ სპეციალურ სტიპენდიას იღებენ.