ვილი სანიოლი: შანსები ვერ გამოვიყენეთ – იმედია, ამ წაგებიდან ბევრს ვისწავლით, მაგრამ ეს ძალიან გულდასაწყვეტი მარცხი იყო

იმედია, ამ წაგებიდან ბევრს ვისწავლით. მაგრამ, ეს ძალიან გულდასაწყვეტი მარცხი იყო, – ამის შესახებ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ალბანეთთან მარცხის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი მარცხის მიზეზი ალბათ ის არის, რომ საჯარიმოში არასწორ გადაწყვეტილებებს ვიღებდით.

„ზოგჯერ მარცხის შემდეგ ყველაფრის უარყოფითად დანახვა გვსურს, თუმცა ჩვენ ბურთსაც ვაკონტროლებდით და მეტი საგოლე შესაძლებლობაც გვქონდა. მიზეზი ალბათ ის არის, რომ საჯარიმოში არასწორ გადაწყვეტილებებს ვიღებდით.

დღეს ძალიან შემტევი შემადგენლობა დავაყენეთ იქიდან გამომდინარე, რომ ვიცოდით, ალბანეთი დაცვიდან ითამაშებდა. ფეხბურთელებს ახალი ტაქტიკა ცუდად არ მიუღიათ, მაგრამ შანსები ვერ გამოვიყენეთ, ამის გარეშე კი შედეგის მიღწევა შეუძლებელია.

იმედია, ამ წაგებიდან ბევრს ვისწავლით. მაგრამ, ეს ძალიან გულდასაწყვეტი მარცხი იყო. მომავალში რა იქნება, ვნახოთ, წინ მსოფლიო ჩემპოიონატის შესარჩევი ციკლია. ვითარებიდან და მეტოქიდან გამომდინარე, სხვა ტაქტიკური ვარიანტები ყოველთვის უნდა გვქონდეს. შესაძლოა, ეს ან სხვა ტაქტიკა მომავალშიც გამოვიყენოთ.

ვფიქრობ, მოედანზე საუკეთესო შემადგენლობა დავაყენე. ამიტომ სათადარიგოებში შემტევი პოტენციალის მქონე მოთამაშეები ნაკლებად დაგვრჩა. ეს მათი კრიტიკა არ არის. ქოჩორაშვილის პოზიციაზე სხვა მსგავსი ფეხბურთელი არ გვყავს და ამას უნდა შევეგუოთ – ამის გამო, სხვა ტაქტიკას და ფეხბურთელებს გამოვიყენებთ.

რაც შეეხება მიქაუტაძეს, მასზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი. მას მხარი უნდა დავუჭიროთ. მაგრამ ბოლო სანაკრებო თამაშებში ეტყობოდა, რომ უთამაშებელია. ეს მის საკლუბო კარიერასაც ეტყობა. თუმცა, იმედია, ვითარება შეიცვლება“, – განაცხადა ნაკრების მწვრთნელმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ალბანეთთან მატჩში ანგარიშით 0-1 დამარცხდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები