ვახტანგ მაჭავარიანი: დღეს შედგა ჩვენი პირველი მუსიკალური შეხვედრა – ლიზა ჩხაიძე, როგორც ავტორი, მე – დირიჟორი

თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში კლასიკური მუსიკის საღამოზე მუსიკოსის, არტისტისა და კომპოზიტორის – ლიზა ჩხაიძის დებიუტი შედგა და საავტორო ნაწარმოები „სიმფონიური სურათი“ შესრულდა.

ლიზა ჩხაიძე ახალგაზრდა მუსიკოსი და კომპოზიტორია, რომელმაც სრული დაფინანსებითა და წარმატებით დაამთავრა ამერიკაში, ბერკლის მუსიკალური კოლეჯი.

„ძალიან ვგულშემატკივრობ ლიზას. მიხარია, რომ მან მაღალი დონის მუსიკალური სასწავლებელი დაამთავრა ამერიკაში. დღეს შედგა ჩვენი პირველი მუსიკალური შეხვედრა – ლიზა, როგორც ავტორი, მე – დირიჟორი. არ შევცდები, თუ ვიტყვი, მე ლიზას ვუწინასწარმეტყველებ საინტერესო და მდიდარ მომავალს, როგორც ავტორს. ის ბევრ სიხარულს მოუტანს თავის სამშობლოს და იმ ქვეყანას, ამერიკას სადაც მან განათლება მიიღო“, – ამბობს მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანი.

კლასიკური მუსიკის საღამოზე თბილისის ოპერისა და ბალეტის სიმფონიური ორკესტრი უკრავდა, მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანის დირიჟორობით.

„მადლიერი და ბედნიერი ვარ დღევანდელი დღით. პირველ ყოვლისა, მინდა, მადლობა გადავუხადო მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანს და თბილისის ოპერისა და ბალეტის სიმფონიურ ორკესტრს. მოხარული ვარ დღევანდელი დებიუტით კონსერვატორიის დიდ დარბაზში“, – ამბობს ლიზა ჩხაიძე

საღამოზე შესრულდა მოცარტის 39-ე სიმფონია, იოსებ ბარდანაშვილის “იმიჯი”, შედგა ჯიმშერ ჩხაიძის ნაწარმოებების პრემიერა: შესავალი “მეფე დავითის ოპერიდან”, არია გუნდთან ერთად “მეფე დავითის ოპერიდან” და მხედრული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები