The Wall Street Journal: “ტრამპი ომებს დაამთავრებს” ანუ პუტინის სახელობის “მშვიდობა”?! – რა შედეგები აჩვენა აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების წინ ჩატარებულმა ერთ-ერთმა ბოლო გამოკითხვამ
ამერიკულ გაზეთ „უოლ სთრით ჯორნელში“ (The Wall Street Journal) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „გამოკითხვის შედეგი მოწმობს, რომ უკრაინისა და ისრაელის ომების მოგვარებაში დონალდ ტრამპს კამალა ჰარისზე მეტი უპირატესობა აქვს“ (ავტორი – საბრინა სიდიქი).
პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ გამოკითხვის თანახმად, რომელიც 7 შტატში ჩატარდა, დონალდ ტრამპს აშკარა უპირატესობა აქვს კამალა ჰარისთან შედარებით.
“გამოკითხვა, რომელიც „უოლ სთრით ჯორნელის“ დაკვეთით ჩატარდა აშშ-ის შვიდ „მოყოყმანე“ შტატში (ვისკონსინში, მიჩიგანში, პენსილვანიაში, არიზონაში, ჩრდ. კაროლინაში და ნევადაში), რომლებიც 5 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნების ბედს გადაწყვეტენ, აჩვენებს, რომ დონალდ ტრამპს აშკარა უპირატესობა აქვს კამალა ჰარისთან შედარებით – რესპოდენტთა აზრით, რუსეთ-უკრაინისა და ისრაელ-„ჰამას“-„ჰეზბოლას ომს ყველაზე კარგად რესპუბლიკელი ექს-პრეზიდენტი მოაგვარებს.
კითხვაზე, რომელი უფრო კარგად გაუმკლავდება რუსეთ-უკრაინის ომის პრობლემას, რესპონდენტთა 50%-მა უპასუხა, რომ დონალდ ტრამპი, ხოლო 39%-მა – კამალა ჰარისი. გამოკითხულთა 48%-მა ასევე ჩათვალა, რომ რესპუბლიკელი კანდიდატის მიდგომა უფრო უკეთესია ახლო აღმოსავლეთის პრობლემისადმი, ვიდრე კამალა ჰარისისა – დემოკრატი კანდიდატის პოზიციებს მხოლოდ 33% იწონებს.
საერთოდ, აშშ-ში არჩევნების დროს საგარეო პოლიტიკა იშვიათად არის ისეთი მთავარი პრობლემა, რომელიც ამერიკელ ამომრჩევლებს აღელვებთ ხოლმე. მაგრამ რადგანაც ზემოთ ჩამოთვლილ შტატებში არცერთ კანდიდატს არ აქვს აშკარა უპირატესობა, ამიტომ მათ მიმართ პრიორიტეტები (და რეიტინგები) შესაძლებელია ცალკეულ საკითხებისადმი მიდგომებით მეტ-ნაკლებად გაირკვეს.
დონალდ ტრამპის პოზიცია უფრო მეტად მოსწონთ დამოუკიდებელ ამომრჩევლებს, ანუ ისეთ მოქალაქეებს, რომლებიც არ შედიან არც რესპუბლიკურ და არც დემოკრატიულ პარტიებში. მათ შორის თითქმის ნახევარი მხარს უჭერს დონალდ ტრამპის მიდგომას რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ, ხოლო დაახლოებით ერთი მესამედი – კამალა ჰარისის პოზიციას.
როგორც ცნობილია, თავისი წინასაარჩევნო აგიტაციის დროს დონალდ ტრამპი ხშირად ამბობს ხოლმე, რომ როცა იგი აშშ-ის პრეზიდენტი იყო, მსოფლიოში ომები არ ხდებოდა, ანუ პლანეტაზე ძირითადად მშვიდობა სუფევდა. რასაკვირველია, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი გადაჭარბებაა, მაგრამ ისეთი ფართომასშტაბიანი ომები, როგორებიც დღეს ხდება, იმ დროს მართლაც არ იყო და თუ მსგავსი რამ ხდებოდა, მასმედიის ყურადღებას ნაკლებად იპყრობდა.
დონალდ ტრამპის მტკიცებით, თუ იგი ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს, მაშინ ომი უკრაინაში მანამ შეწყდება, სანამ იგი პრეზიდენტის პოსტს დაიკავებს, ანუ ინაუგურაციამდე (5 იანვრამდე). მას არ დაუზუსტებია, კონკრეტულად როგორ მიაღწევს დაპირებულ მიზანს. იგი არაერთხელ გამოსულა ვლადიმერ პუტინის ქება-დიდებით და ვოლოდიმირ ზელენსკის კრიტიკით, ხოლო კამალა ჰარისთან დებატების დროს, 10 სექტემბერს დონალდ ტრამპმა თავის აარიდა პასუხს კითხვაზე – თვლის თუ არა იგი, რომ უკრაინის გამარჯვება აშშ-ის ინტერესებს შეესაბამება. სხვათა შორის, რესპუბლიკელ დონალდ ტრამპის კანდიდატი ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე ჯეიმს დევიდ ვენსი ამას წინანდელი ტელეგამოსვლის დროს აცხადებდა, რომ რუსეთს დაკავებული უკრაინული ტერიტორიები უნდა შეუნარჩუნდეს, ხოლო დასავლეთმა კრემლს გარანტია უნდა მისცეს, რომ უკრაინა ნატოში არ იქნება მიღებული.
გამოკითხვა ჩატარდა 28 სექტემბრიდან 8 ოქტომბრამდე. პრეზიდენტობის კანდიდატთა საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის შესახებ დასმულ კითხვებზე უპასუხა 2100 რესპოდენტმა 2,1%-იანი ცდომილებით”,- წერია სტატიაში, რომლის ქართულ თარგმანს “კვირის პალიტრა” აქვეყნებს.