რუსეთის ტყვეობაში უკრაინელი ჟურნალისტი გარდაიცვალა
უკრაინელი ჟურნალისტი, ვიქტორია როშჩინა, რომელიც გასულ წელს ზაპოროჟიეს ოლქში გაუჩინარდა, რუსეთის ტყვეობაში დაიღუპა,- ინფორმაცია უკრაინის საკოორდინაციო შტაბის პრესსპიკერმა, პეტრ იაცენკომ დაადასტურა.
ამ დროისთვის გარდაცვალების გარემოებები უცნობია.
“ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ გავიგებთ გარემოებების შესახებ და თუ არიან დამნაშავეები ან მონაწილეები, ისინი დაისჯებიან. ასეთ დანაშაულებს ხანდაზმულობის ვადა არ აქვთ”, – თქვა იაცენკომ.
მანვე დააზუსტა, რომ რუსეთის ტყვეობაში დაახლოებით 25 უკრაინელი ჟურნალისტი იმყოფება.
უკრაინის დაზვერვის მთავარ სამმართველოში განაცხადეს, რომ როშჩინა ტყვეების გაცვლის სიაში იყო შეყვანილი. როდის უნდა შემდგარიყო გაცვლა, უცნობია.
ვიქტორია როშჩინა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას აქტიურად აშუქებდა. 2022 წლის მარტში ჟურნალისტი რუსული FSB-ს თანამშრომლებმა ოკუპირებულ ბერდიანსკში დააკავეს და 10 დღეში გაათავისუფლეს. 27 ივლისს ჟურნალისტი პოლონეთში გაემგზავრა, რათა ოკუპირებულ ტერიტორიებამდე მისულიყო. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ქალი ტყვედ აიყვანეს.