აშშ-ში ფიქრობენ, რომ უკრაინა კურსკის ოლქში პოზიციების შენარჩუნებას რამდენიმე თვე შეძლებს

აშშ-ის შეფასებით, უკრაინა კურსკის ოლქში პოზიციების შენარჩუნებას, სულ მცირე, რამდენიმე თვე შეძლებს,- ამის შესახებ ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს.

როგორც სააგენტო წერს, აშშ-ის მაღალჩინოსნები ვარაუდობენ, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს რუსეთის კურსკის ოლქში დაკავებული ტერიტორიის შენარჩუნება რამდენიმე თვის განმავლობაში შეუძლიათ.

ანონიმური წყაროები, რომლებიც ოფიციალური პირები არიან, აცხადებენ, რომ უკრაინას ჯერჯერობით არ შეხვედრია სერიოზული პრობლემები კურსკის ოლქში ტვირთის მიწოდებისას, რადგან რუსეთის ჯარი მხოლოდ შეზღუდულ კონტრშეტევებს ახორციელებდა და სამხედროები ძირითადად უკრაინის აღმოსავლეთში წინსვლაზე იყვნენ კონცენტრირებულნი.

აშშ-ის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ საარტილერიო ჭურვების რამდენიმეთვიანი დეფიციტის შემდეგ, უკრაინული ჯარი ახლა უფრო სტაბილურად მარაგდება. მიწოდების სტაბილურობა ნაწილობრივ აიხსნება მოკავშირეების ძალისხმევით, ასევე აშშ-ისა და საფრანგეთის მცდელობით, გრძელვადიან პერსპექტივაში განავითარონ უკრაინის საარტილერიო პოტენციალი.

„ბლუმბერგის“ სტატიაში აღნიშნულია, რომ უკრაინა ცდილობს გაარკვიოს, როგორ დაიცვას თავი ზამთარში, მაგრამ ასევე იწყებს მომავალი წლის გეგმების შემუშავებას, კერძოდ, დამატებითი ბრიგადების ფორმირებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები