საქპატენტში WIPO-ს აკადემიის მიერ ორგანიზებული ტრენერთა გადამზადების პროგრამის მეორე ეტაპი წარმატებით დასრულდა

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ მცხეთის სათავო ოფისში ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) აკადემიის მიერ ორგანიზებული საქპატენტის ტრენერთა გადამზადების მეორე ეტაპი წარმატებით განხორციელდა.

ტრენერთა გადამზადების აღნიშნული პროგრამა დაიგეგმა სპეციალურად საქპატენტის საჭიროებებისა და პრიორიტეტების გათვალისწინებით მიმდინარე წლის იანვარში საქპატენტის თავმჯდომარის სოსო გიორგაძისა და WIPO-ს აკადემიის აღმასრულებელი დირექტორის შერიფ საადალას შეხვედრის დროს. პროგრამის მიზანია საქპატენტის ინტელექტუალური საკუთრების სწავლებისა და გადამზადების ცენტრის შესაძლებლობების გაძლიერება და ტრენერთა ბაზის ფორმირება, რათა პროგრამის მონაწილეებმა მომავალში შეძლონ სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფისთვის ინტელექტუალური საკუთრების შესახებ შინაარსობრივად აქტუალური და მაღალი დონის ტრენინგის დაგეგმვა და ჩატარება.

გადამზადების მეორე ეტაპზე 5-დღიანი ინტენსიური ტრენინგის კურსი პირისპირ ფორმატში ჩატარდა საქპატენტის სათავო ოფისში და მას უძღვებოდნენ WIPO-ს აკადემიის მიერ მოწვეული საერთაშორისო ექსპერტები: კრაკოვის იაგელონის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი იუსტინა ოჟეგალსკა-ტრიბალსკა, საფრანგეთში წამყვანი ინტელექტუალური საკუთრების და ინოვაციების მართვის საკონსულტაციო კომპანიის Azur Strategy-ის მმართველი პარტნიორი, ლიცენზირების სერტიფიცირებული პროფესიონალი ომერ ჰიზიროღლუ და სერტიფიცირებული პროფესიონალი ტრენერი ჰანა გრეის პ. ბაზარი ფილიპინებიდან. სწავლებას, ასევე, დაესწრნენ WIPO-ს აკადემიის წარმომადგენლები – მარია ბიჩკოვსკა და ლაურა კაროლინა გონსალეს პარა.

ტრენინგი ინტერაქტიურ რეჟიმში წარიმართა. სწავლების მეთოდოლოგიებთან ერთად, მონაწილეები გაეცნენ ინტელექტუალური საკუთრების სფეროში უახლეს ტენდენციებსა და ტექნოლოგიების ტრანსფერთან დაკავშირებულ საკითხებს, მათ შორის ისეთ თემებს, როგორიცაა: საავტორო უფლებები ხელოვნურ ინტელექტთან ე.წ. დიდ მონაცემებთან (Big Data) და ციფრულ კონტენტთან დაკავშირებით; მონაცემთა ბაზებისა და კომპიუტერული პროგრამების დაცვა; სასაქონლო ნიშნის დაცვა ინტერნეტსა და სოციალურ მედიაში; საპატენტო სფეროს უახლესი ტენდენციები; კონფიდენციალური (დახურული) ინფორმაციისა და სავაჭრო საიდუმლოების მართვა და სხვა.

ტრენინგზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინტელექტუალური საკურების პორტფელის მართვის, მისი კომერციალიზაციისა და ლიცენზირების სტრატეგიებს, ასევე, განხილულ იქნა უნივერსიტეტებსა და კვლევით ინსტიტუტებში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის პოლიტიკის ჩამოყალიბების მნიშვნელობა და სტრატეგიები.

ტრენერთა გადამზადების პროგრამაში ჩართული 22 მონაწილიდან 18 საქპატენტის თანამშრომელია, 4 კი მოწვეული აკადემიური პერსონალია პარტნიორი უნივერსიტეტებიდან, მათ შორის, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტიდან.

პროგრამის სამივე ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ WIPO-ს აკადემიის სერტიფიკატები. იგეგმება, ასევე, სერტიფიცირებული ტრენერების ჩართულობით, საქპატენტის პრიორიტეტების შესაბამისად განსაზღვრული კურსების შემუშავება. პროექტის მესამე დასკვნითი ეტაპი კი მიმდინარე წლის ოქტომბერში ონლაინ ფორმატში გაიმართება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები