მაია ბითაძე: ძალიან შემაშფოთებელი და სამარცხვინოა ის ჩანაწერები, რაც ჩვენ რეზოლუციის პროექტში ვიხილეთ

მმართველი გუნდის წევრმა, მაია ბითაძემ ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით შემუშავებული რეზოლუციის დოკუმენტი შეაფასა.

“არ შემიძლია მწუხარება არ გამოვთქვა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ რეზოლუციის პირველადი პროექტები, არც ჩვენ ვიხილეთ, რეალურად, შეიცავს პირდაპირ ნიშნებს სხვა ქვეყნის წინასაარჩევნო გარემოში უხეში ჩარევის, რაც არის ფუძემდებლური პრინციპი, მათ შორის, ევროკავშირისთვის, რომ ეს არის ანტიდემოკრატიული, ანტიევროპული ქმედება, რომელიც კატეგორიულად მიუღებელი უნდა იყოს, წესი, თვითონ ევროპისთვის და ევროპული ბიუროკრატიისთვის. მერე რა, რომ საუბარია ევროკავშირის პარლამენტზე, საკანონმდებლო ორგანოზე და არა აღმასრულებელ რგოლზე.

ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, რომ ევროკავშირმა, რამდენჯერმე, შეიძლება ითქვას, თავი შეირცხვინა საერთაშორისო სამართლის წინაშე იმ რეზოლუციებით, რაც გასული წლების განმავლობაში, საქართველოსთან მიმართებით მიიღო, სადაც ითხოვდა როგორც ბიძინა ივანიშვილის რატომღაც დასანქცირებას, ისევე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას. ახლა, ჩვენ ვხედავთ პროექტს, სადაც პირდაპირაა ფორმალურად ჩაწერილი ის, რასაც ამდენი ხანია ვსაუბრობთ – რომ ჩვენ გვთხოვდნენ რუსეთისთვის იმგვარი სანქციების დაწესებას, რაც არათუ ჩამოშლიდა ამ ქვეყნის ეკონომიკას, ჩვენ არათუ ეკონომიკურ წინსვლაზე გვექნებოდა საუბარი, რაც დასტურდება შეფასებებით, არამედ ამ ქვეყანას იმ ძალიან დიდი საფრთხის წინაშე დააყენებდა, რასაც რეგიონში ომის საფრთხის ახალი ეტაპი შეიძლებოდა დაგვერქმია.

საბედნიეროა ის, რომ ყველა დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა ამ რეზოლუციას. მიუხედავად იმისა, თუ რა ტექსტი იქნება საბოლოო ვერსიაში, უკვე შეიძლება ითქვას, რომ ძალიან შემაშფოთებელი და სამარცხვინოა ის ჩანაწერები, რაც ჩვენ რეზოლუციის პროექტში ვიხილეთ, რაც ერთი ერთში იმეორებს ჩვენი რადიკალების ნარატივს,” – განაცხადა ბითაძემ “რუსთავი ორის” ეთერში საუბრისას.

ცნობისთვის, ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა – დოკუმენტს მხარი 495-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 73-მა ხმა წინააღმდეგ მისცა, 86-მა კი თავი შეიკავა.

აღნიშნული რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი ევროკავშირს მოუწოდებს, პერსონალური სანქციები შემოიღოს ბიძინა ივანიშვილისა და ყველა იმ პირის წინააღმდეგ, ვინც “საქართველოში დემოკრატიას ძირს უთხრის”.

გარდა ამისა, ევროპარლამენტი საქართველოს მთავრობას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებისკენ მოუწოდებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები