ნიკოლოზ სამხარაძე: ევროპარლამენტი დიდი ორგანიზაციაა, თუმცა ამ ადამიანების უმრავლესობას, ვინც რეზოლუციას ხმა მისცა, ეს რეზოლუცია საერთოდ წაკითხულიც არ აქვს

“ევროპარლამენტი დიდი ორგანიზაციაა, თუმცა ამ ადამიანების უმრავლესობას, ვინც რეზოლუციას ხმა მისცა, ეს რეზოლუცია საერთოდ წაკითხულიც არ აქვს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

სამხარაძის თქმით, ხშირად რეზოლუციას ხმას პარტიულად აძლევენ.

“ევროპარლამენტის რამდენიმე წევრმა თქვა, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე მსგავსი რეზოლუციის მიღება პირდაპირი ჩარევაა საქართველოს საარჩევნო პროცესში, ისიც ითქვა, რომ დამკვირვებლების დელეგაციას რომ გამოაგზავნიან, ქართულმა მხარემ როგორ უნდა მიიღოს, როგორც ნეიტრალური, ობიექტური და მიუკერძოებელი დამკვირვებელიო. ამ პოზიციას სრულიად ვეთანხმები. რა თქმა უნდა, თუ პრეტენზია აქვთ, რომ მიუკერძოებელი და ნეიტრალური დამკვირვებელი არიან, ასეთი რეზოლუციით არ უნდა გამოდიოდნენ. ევროპარლამენტი დიდი ორგანიზაციაა, თუმცა ამ ადამიანების უმრავლესობას, ვინც რეზოლუციას ხმა მისცა, ეს რეზოლუცია საერთოდ წაკითხულიც არ აქვს. ეს ასე ხდება ხოლმე. ხშირად რეზოლუციას ხმას პარტიულად აძლევენ და გუშინდელმა დებატებმაც დაადასტურა, რომ დარბაზი ცარიელი იყო და მხოლოდ რამდენიმე ადამიანი გამოვიდა. ქართული საზოგადოებისთვის ნათელი გახდა, თუ რა პრეტენზიებს უყენებენ საქართველოს ხელისუფლებას. ეს პრეტენზია დაკავშირებულია სწორედ რუსეთისთვის სანქციების დაწესებასთან“, – განაცხადა სამხარაძემ.

ცნობისთვის, ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა – დოკუმენტს მხარი 495-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 73-მა ხმა წინააღმდეგ მისცა, 86-მა კი თავი შეიკავა.

აღნიშნული რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი ევროკავშირს მოუწოდებს, პერსონალური სანქციები შემოიღოს ბიძინა ივანიშვილისა და ყველა იმ პირის წინააღმდეგ, ვინც “საქართველოში დემოკრატიას ძირს უთხრის”.

გარდა ამისა, ევროპარლამენტი საქართველოს მთავრობას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებისკენ მოუწოდებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები