იოანე ზოსიმეს ხელნაწერი საქართველოშია

ქართველი მოღვაწის, იოანე ზოსიმეს მიერ შექმნილი და მის მიერვე აკინძული ხელნაწერი, რომელიც ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივითა და ძალისხმევით იქნა შეძენილი, საქართველოში დღეს ჩამობრძანდა.
წმინდა ხელნაწერი საქართველოს ეროვნულ მუზეუმს საკუთრებაში ასევე ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით გადაეცემა. ინფორმაციას კულტურის სამინისტროს ავრცელებს.
„ხელნაწერი ეროვნულ მუზეუმში ბედიის ბარძიმის გვერდით ღირსეულ ადგილს დაიკავებს ქრისტიანული საგანძურის (ოქროს ფონდის) ექსპოზიციაში, სადაც ასევე გამოფენილია ხახულის ხატი, ანჩის ხატი, თამარ მეფის ჯვარი, წილკნის ხატი და სხვა სიწმინდეები.
დამთვალიერებელს საშუალება ექნება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში იხილოს იოანე-ზოსიმეს ხელნაწერი (10:00 საათიდან 18:00 საათამდე, ყოველ დღე, ორშაბათის გარდა, მის.: შოთა რუსთაველის გამზ. #3).
როგორც ცნობილია, ბიძინა ივანიშვილმა კრისტის აუქციონზე შეიძინა პალიმფსესტი, Codex Sinaiticus Rescriptus-ი, შედგენილი არამეულ და ქართულ ენებზე, რომლის ქვედა ფენა დათარიღებულია V-VII საუკუნეებით, ხოლო გვიანდელი ფენა თარიღდება 979 წლით და შესრულებულია იოანე ზოსიმეს მიერ. აღსანიშნავია, რომ ეს მისი ერთადერთი ხელნაწერია საქართველოში და მას დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც საქართველოს, ასევე ქრისტიანული აღმოსავლეთის კვლევისათვის.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო კვლავ დიდ მადლობას უხდის ბატონ ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს ამ ეროვნული და ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილებისთვის, რომელიც დიდ ადგილს დაიკავებს საქართველოსა და ქართული კულტურის ისტორიაში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები