ვიქტორ ორბანი – “თუ ამერიკის პრეზიდენტი ტრამპი გახდება, ის არც კი დაელოდება ინაუგურაციას და უკრაინის ომთან დაკავშირებით ზომებს მიიღებს”
ჩვენ გავხსნით შამპანურის რამდენიმე ბოთლს, თუ დონალდ ტრამპი დაბრუნდება, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატებზე საუბრისას განაცხადა და დასძინა, რომ ტრამპისა და აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაა.
ორბანის მტკიცებით, თუ აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპს აირჩევენ, ის არც კი დაელოდება ინაუგურაციას და მანამდე მიიღებს ზომებს უკრაინის ომთან დაკავშირებით.
„ის არ დაელოდება ინაუგურაციის ცერემონიას, რათა უკრაინაში მშვიდობის მიღწევა მოახერხოს. ის მყისიერად იმოქმედებს, ასე რომ, ჩვენ, ევროპელ ლიდერებს, არ გვაქვს დასაკარგი დრო. უნდა მოვახდინოთ რეაგირება ჯერ ინტელექტუალურად, ფილოსოფიურად, შემდეგ სტრატეგიულად და შემდეგ მოქმედების დონეზე, რაც შეიძლება მალე“, – განაცხადა ორბანმა.