პროკურატურამ ზურა კიწმარიშვილი დაზარალებულად არ ცნო

ბიზნესმენ ეროსი კიწმარიშვილის ძმის მოთხოვნა საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. პროკურატურამ ზურა კიწმარიშვილს საქმის მასალების გაცნობის ნება დართო, თუმცა დაზარალებულის სტატუსის მოთხოვნაზე უარი განუცხადა. თუ რატომ ვერ მიიღო ზურა კიწმარიშვილმა დაზარალებულის სტატუსი, ამის შესახებ პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული. „კვირა“ მთავარი პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„2014 წლის 29 სექტემბერს თბილისის პროკურატურას მიმართა ეროსი კიწმარიშვილის ძმამ ზურაბ კიწმარიშვილმა შუამდგომლობით დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობისა და საქმის მასალების გაცნობის შესახებ. გვსურს, საზოგადოებას გავაცნოთ პროკურატურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მოცემულ შუამდგომლობასთან დაკავშირებით:
მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს დაზარალებულის უფლებამონაცვლედ პირის ცნობის ორ წინაპირობას: 1) ახლო ნათესაური კავშირი გარდაცვლილთან და 2) გარდაცვლილის მიმართ მესამე პირის მიერ დანაშაულის ჩადენას. შესაბამისად, პირის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობისათვის აუცილებელია დანაშაულის ჩადენის ფაქტის დადგენა, რის გარეშეც კანონი პირის დაზარალებულად ცნობის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს. გამოძიების ამ ეტაპზე საქმეზე მოპოვებული ასეულობით მოწმეთა ჩვენებებზე, დოკუმენტაციაზე, ვიდეოჩანაწერებზე, ნივთიერ მტკიცებულებებზე და ათეულობით ექსპერტიზის დასკვნებზე დაყრდნობით არ არის გამოკვეთილი რაიმე გარემოება, რაც მოგვცემდა საფუძველს დასაბუთებული ვარაუდისთვის, რომ ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალება გამოწვეულია სხვა პირის დანაშაულებრივი ქმედებით. შესაბამისად, ამ ეტაპისთვის არ არსებობს კანონით გათვალისწინებული საფუძველი ზურაბ კიწმარიშვილის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობისათვის, რის გამოც მისი მოთხოვნა ამ ნაწილში ვერ დაკმაყოფილდება.
აღნიშნული კანონით დადგენილ ვადაში განემარტა გარდაცვლილის ძმას ზურაბ კიწმარიშვილს. ამასთან, პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის და საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით და გამოძიების მიმდინარეობის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, პროკურატურამ გამოიჩინა კეთილი ნება და მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ე.კიწმარიშვილის ძმას ზურაბ კიწმარიშვილს მიეცეს საქმის მასალების სრულად გაცნობის შესაძლებლობა, რითაც მისთვის ფაქტობრივად უზრუნველყოფილი იქნება საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული დაზარალებულის უფლებები. საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობა ექნებათ ასევე ზურაბ კიწმარიშვილის ადვოკატს და ასევე მის მიერ მოწვეულ დამოუკიდებელ ექსპერტებს.
აქვე გვსურს განვმარტოთ, რომ საქართველოს პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას ე.კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე და გეგმავს საქმეზე მიმდინარე ყველა ექსპერტიზის დასრულების შემდეგ, უახლოეს მომავალში მოახდინოს საქმის მასალების და გამოძიების შედეგების გასაჯაროება“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ეროსი კიწმარიშვილის ძმამ ზურა კიწმარიშვილმა 2014 წლის 29 სექტემბერს მთავარ პროკურატურას დაზარალებულის სტატუსის მოთხოვნით განცხადებით მიმართა.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=V9WAFVrh1DE” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები