ლევან დავითაშვილმა ფოსტის სფეროს წარმომადგენლებს პროფესიული დღე მიულოცა

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ფოსტის სფეროს წარმომადგენლებს პროფესიული დღე – ფოსტის მსოფლიო დღე მიულოცა.

„დღეს, ციფრულ ეპოქაში, ინოვაციური ციფრული ტექნოლოგიების გლობალური პროგრესის ფონზე, საფოსტო სფერო ვითარდება და ასრულებს მნიშვნელოვან როლს ადამიანებს შორის კავშირების დამყარებაში. ყოველდღიურად მილიარდობით საფოსტო გზავნილი მოძრაობს მილიონობით მომხმარებლისთვის. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ელექტრონულ სერვისებზე და განსაკუთრებით ელექტრონულ კომერციაზე გაზრდილმა მოთხოვნამ კიდევ უფრო გამოკვეთა საფოსტო სფეროს მნიშვნელოვანი როლი – ის ხელს უწყობს არა მხოლოდ კომუნიკაციას, არამედ გლობალურ ეკოსისტემაში ციფრული ვაჭრობის, ლოგისტიკისა და ეკონომიკური მდგრადობის გარანტორსა და ხელშესახებ ელემენტს წარმოადგენს.

უკვე 150 წელია მსოფლიო საფოსტო სფერო, ერებს შორის კომუნიკაციის შესაძლებლობას და ხალხთა შორის კავშირების გაძლიერების, ინფორმაციის გაცვლის საშუალებას იძლევა, რაც თავის მხრივ პროგრესის მნიშვნელოვან სტიმულად იქცა. სწორედ ამავე თემატიკით აღნიშნავს მსოფლიო საფოსტო კავშირი 2024 წლის იუბილეს.

შეიძლება ითქვას, რომ ფოსტა ის დარგია, რომელიც პრაქტიკულად, ყოველი ჩვენგანის, თითოეული ადამიანის ცხოვრებას ეხება, და ეს ხდება თქვენი, სფეროში მომუშავე სპეციალისტების დაუღალავი შრომით, რისთვისაც დიდ მადლობას გიხდით!

დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ძალისხმევით საქართველოს ფოსტის შემდგომი განვითარება უწყვეტად გაგრძელდება,” – ნათქვამია ლევან დავითაშვილის მილოცვაში.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები