სახალხო დამცველი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) გრძელვადიანი საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის გენდერულ და ინკლუზიის საკითხთა ანალიტიკოსს შეხვდა

7 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველი – ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის მოადგილე ირინე ჩიხლაძე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) გრძელვადიანი საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის გენდერულ და ინკლუზიის საკითხთა ანალიტიკოსს, ალეანორ ბენუას შეხვდნენ.

ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობასა და საარჩევნო უფლების დაცვის მექანიზმებზე ისაუბრეს.

“სახალხო დამცველმა სტუმარს არჩევნებთან დაკავშირებით აპარატის მანდატი და საქმიანობა გააცნო.

განხილულ თემათა შორის იყო ქალთა საარჩევნო და პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობის საკითხები, სიძულვილის ენისა და სექსისტური გამონათქვამების პრევენციისა და მათზე რეაგირების შესაძლებლობები, სახალხო დამცველის პოზიცია გენდერულ კვოტებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე.

ალეანორ ბენუამ განსაკუთრებული ინტერესი გამოხატა სახალხო დამცველის აპარატთან არსებული ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების საბჭოებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებით”, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები