„თავისუფალი თაობა“ „თავისუფალ ზონას“ ჯოჯოხეთს ჰპირდება

„თავისუფალი თაობა“ „თავისუფალ ზონას“ ჯოჯოხეთის მოწყობას ჰპირდება. როგორც „თავისუფალი თაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლადო სადღობელაშვილმა საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში აღნიშნა, ჯოჯოხეთი მანამ გაგრძელდება, სანამ „ნაციონალური ზონა“ თვითლიკვიდაციას არ გამოაცხადებს. სადღობელაშვილის განცხადებით, „თავისუფალი ზონა“ ტერორისტული ორგანიზაციაა, რომელიც საფრთხეს უქმნის თითოეულ მოქალაქეს. „თავისუფალი თაობის“ წევრმა საზოგადოებას „თავისუფალი ზონის“ განადგურებისათვის ბრძოლაში თანადგომა სთხოვა და დღეს სამ საათზე, „თავისუფალი ზონის“ ოფისთან დაგეგმილ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა.
„თავისუფალ ზონას“ და „ნაციონალებს“ ჩვენ დავპირდით ჯოჯოხეთის მოწყობას და შევასრულებთ კიდეც ამ პირობას მანამ, სანამ ამ ორგანიზაციას თვითლიკვიდაციამდე არ მივიყვანთ. მინდა მოსახლეობას მოვუწოდო, რომ დღეს „თავისუფალი ზონის“, უფრო სწორად კი „ნაციონალური ზონის“ ოფისთან მობრძანდნენ და ერთად გამოვხატოთ უკმაყოფილება და ჩვენი დამოკიდებულება „თავისუფალი ზონის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ. გავაპროტესტოთ მათი არსებობა და მოვითხოვოთ ამ ორგანიზაციის აკრძალვა. ეს ორგანიზაცია წარმოადგენს კრიმინალურ ორგანიზაციას, რისი ნათელი მაგალითიც 2 დღის წინ მათი ქმედება გახლდათ, როცა ამ ორგანიზაციის მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა 12-15-მდე წევრმა სასტიკად სცემეს ორი ჟურნალისტი – ზაზა დავითაია და ბექა ქავთარაძე. ამ ორგანიზაციას ბოლო“უნდა მოეღოს , – განაცხადა ლადო სადღობელაშვილმა. სადღობელაშვილის განცხადებით, ისინი დღეს აქციაზე შიშველი ხელებით გეგმავენ მისვლას. მისი თქმით, გამორიცხულია ოფისში შეჭრისთვის რაიმე მოწოდების გაკეთება.
„ჩვენი მხრიდან საფრთხე არ მოდის, ჩვენ საქმის კურსში ჩავაყენეთ პოლიცია. ისინი ჩვენსა და მათ შორის აღმართავენ კორდონს. ეს აქცია არ არის „თავისუფალი თაობის“ მიერ ორგანიზებული, ეს აქცია ჟურნალისტების, ზაზა დავითაიას მეგობრების მიერ ორგანიზებულია. როგორც აქამდე არ ყოფილა, არც ახლა არ იქნება მოწოდება შევარდნაძე“,- აღნიშნა „თავისუფალი თაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა. სადღობელაშვილის განცხადებით, „თავისუფალი ზონის“ წევრები „თავისუფალი თაობის“ ოფისთან მივარდნას გუშინ გეგმავდნენ. მისი თქმით, აღნიშნული ინფორმაცია მათ „ზონის“ რიგებში მყოფმა „მათმა ადამიანმა“ მიაწოდა.
„თავისუფალი ზონის“ რიგებში მყოფმა „ჩვენიანმა“, საღად მოაზროვნე ადამიანმა მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ ისინი ჩვენს ოფისთან აპირებდნენ მოვარდნას. ჩვენ ეს ინფორმაცია პოლიციას მივაწოდეთ და მათი დაგეგმილი აქცია აღარ შედგა“,- აღნიშნა სადღობელაშვილმა და სამართალდამცველებს მოუწოდა, „ზონის“ წინააღმდეგ იმოქმედონ. სადღობელაშვილმა სახელმწიფო გადატრიალების შესაძლებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამის რეალური საფრთხე არსებობს.
„თავისუფალი ზონის“ წევრებმა შესაძლოა, თავიანთი წევრის მიმართ განახორციელონ ძალადობა, ვინმე სცემონ, დაჭრან ან სულაც მოკლან და სახელმწიფო გადატრიალება დაიწყონ“,- აღნიშნა სადღობელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები