ლენტეხის მუნიციპალიტეტში მუაშის ადრეული შუა საუკუნეების ნაგებობისა და წმ. გიორგის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე არქეოლოგიური კვლევა დასრულდა
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით, სპეციალისტების ჯგუფმა ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ სასაშში მუაშის ადრეული შუა საუკუნეების ნაგებობისა და წმ. გიორგის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე არქეოლოგიური კვლევა დაასრულა.
სააგენტოს ინფორმაციით, ნაგებობა მდებარეობს შემაღლებულ გორაზე. შემორჩენილი საძირკვლის ნაშთების სიმაღლე დაახლოებით 280 სმ-ია. ნაგებობა მთლიანად მიწითა და ქვაყრილით იყო ამოვსებული. არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად მოიხსნა მიწის საფარი, გაიტანეს მიწა, გასუფთავდა ნაგებობის სამხრეთი, აღმოსავლეთი და დასავლეთი მხარეების გარე კედლები, რომელთა სისქე 170 სანტიმეტრია; შიდა და გარე პერიმეტრი გაიწმინდა სამშენებლო ნარჩენებისა და მცენარეებისგან. ამ ნაგებობის შესახებ ჯერჯერობით წერილობითი წყარო არ მოიპოვება. როგორც ჩანს, ეკლესია ექვთიმე თაყაიშვილის ექსპედიციის დროს უკვე დანგრეული იყო, რადგან მის ნაშრომში სასაშის თემის ყველა შემორჩენილი ტაძარი და იქაური სიწმინდეები დეტალურად არის აღწერილი (ე. თაყაიშვილი, არქეოლოგიური ექსპედიცია ლეჩხუმსა და სვანეთში 1910 წელი, პარიზი, 1938).
არქეოლოგიური სამუშაოები ჩატარდა წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზეც, სადაც სპეციალისტთა მიერ აღმოჩენილ სამარხებს კონსერვაცია ჩაუტარდა.
არქეოლოგიურ სამუშაოებს ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ზვიად კვიციანი.
სსიპ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ სასაშის არქეოლოგიური გათხრების ჩასატარებლად 38 955 ლარი გამოყო.
ინფორმაციისთვის: მუაშის ციხე ზემოდან დაჰყურებდა და აკონტროლებდა ცხენისწყლის ხეობაში გამავალ სამხედრო-სტრატეგიული და ეკონომიკური მნიშვნელობის გზას.
სვანეთი საქართველოს განსაკუთრებული კუთხეა თავისი გეოგრაფიული მდებარეობითა და კულტურული მემკვიდრეობით. მან საუკეთესოდ შემოინახა ისტორიულ-კულტურული ძეგლები. სვანეთმა, დიდი ხანია, მიიპყრო მკვლევართა ყურადღება და დღესაც მდიდარ მასალას იძლევა სხვადასხვა დარგის მეცნიერული კვლევა-ძიებისათვის, თუმცა აქაური მატერიალური და სულიერი კულტურის ძეგლების ნაწილი კვლავ შეუსწავლელია.
აღნიშნული ძეგლების კვლევა ადრეული შუა საუკუნეების სვანეთის შესწავლის თვალსაზრისით უაღრესად მნიშვნელოვანია.