დანიაში ქართული კულტურის დღეების ფარგლებში ქართული ფილმების ჩვენება გრძელდება
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით, ასევე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დანიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარე ქართული კულტურის დღეების ფარგლებში საქართველოს ეროვნული კინოცენტრისა და დანიის კინოინსტიტუტის სინემათეკის პარტნიორობით თენგიზ აბულაძის ფილმის, „ნატვრის ხის“, ჩვენება გაიმართა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კინოჩვენებას წაუძღვა კინომცოდნე ქეთევან ტრაპაიძე.
„ნატვრის ხე“ სილამაზის აღქმის, რისხვის ინსტინქტის, მარტოობის, ბრძოლის, სევდისა და სიყვარულის არაერთ ფსიქო-ფილოსოფიურ მეტაფორას მოიცავს. ეს ფილმი 1976 წელს საქართველოში შექმნილი ყოფიერების იგავია, რომლის სამსახიობო შედევრებად და სახე-ხატებად ქცეული პერსონაჟების ამბავი, იდენტობის გამოხატულებასთან ერთად, კაცობრიობის მარადიული სათქმელის მეტაფორას წარმოადგენს. ქართული კინოს ფილოსოფიური სიღრმის მაჩვენებელი ალეგორიები მწერალ გიორგი ლეონიძის მოთხრობების საფუძველზე შეიქმნა და უშუალოდ ქართული კინოს მახასიათებლად იქცა. თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ „ნატვრის ხე“ დღეს ბევრად უფრო მეტ სივრცეს გვიტოვებს თავისი სამსახიობო მკვეთრი ექსპრესიითა და მეტაფორული სათქმელით, უამრავ ჭეშმარიტებაზე დასაფიქრებლად.
ინფორმაციისთვის, დანიის სამეფოში, კოპენჰაგენში, 24 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით ქართული კულტურის დღეები იმართება და პროგრამა ითვალისწინებს ქართული ტრადიციული სიმღერისა და ცეკვის, ვიზუალური და თეატრალური საშემსრულებლო ხელოვნების, კინოხელოვნების წარმოჩენას.
ღონისძიებების პროგრამის ფარგლებში ბოლო დღეს გაიმართება ნანა მჭედლიძის ფილმის „პირველი მერცხლის“ ჩვენება.
ფესტივალის სტუმრებმა უკვე იხილეს: „დეტ-ნი თეატრში“ ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლ „ბასიანისა“ და ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის კონცერტი; ანსამბლ „ბასიანის“ ქართული ხალხური სიმღერის ლექცია-მასტერკლასი, რომელიც კოპენჰაგენის წმინდა ანას სახელობის სკოლა-გიმნაზიაში გაიმართა და შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ აფორიზმების პირველი დანიური თარგმანის პრეზენტაცია გიორგი სისაურის კალიგრაფიის ხელოვნების მასტერკლასის თანხლებით; ასევე მაყურებელმა იხილა დანიის თეატრში „ავენიუ-ტი“ მოზარდ მაყურებელთა თეატრის წარმოდგენა უილიამ შექსპირის „ოტელო“; გაიმართა თენგიზ აბულაძის ფილმის -„მონანიების“ – ჩვენება.
ქართული კულტურის დღეები ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობის გაღრმავებას, ევროპელი ხალხისა და იქ მცხოვრები ქართველებისათვის ქართული კულტურისა და ტრადიციების გაცნობას.
შეგახსენებთ: 2023 წელს 4 მაისიდან 20 აგვისტომდე საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით და ლუიზიანას მუზეუმთან თანამშრომლობით დანიაში, ლუიზიანას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. დაინტერესებულმა საზოგადოებამ ფიროსმანის 48 ნამუშევარი ნახა. ეს იყო პირველი და ისტორიული შემთხვევა, როდესაც ევროპის ერთ-ერთ პრესტიჟულ მუზეუმში ფიროსმანის შემოქმედება ასე მასშტაბურად წარმოადგინეს. ლუიზიანას მუზეუმის დირექტორის, პოლ ერიკ ტოინერის, თქმით, ფიროსმანის გამოფენას 260 000 დამთვალიერებელი ეწვია და სტუმართა ამ რაოდენობამ ყველას მოლოდინს გადააჭარბა.
ქართული კულტურის დღეების ღონისძიებებზე დასწრება უფასოა. დანიაში საქართველოს დღეების პროგრამა იხილეთ ბმულზე:https://denmark.mfa.gov.ge/en/georgian-culture-days