გიორგი კახიანი – “ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ” კანონზე: ოპოზიციამ იცის, რომ ამ კანონის მიღება მოსახლეობის დაკვეთაა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი კახიანის განცხადებით, “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ” კანონის მიღება მოსახლეობის დაკვეთაა და ამის შესახებ ოპოზიციამაც იცის.

მისივე თქმით, აღნიშნული კანონის მიღების პროცესში ოპოზიციამ ვერ გაბედა სხდომის დარბაზში შესვლა და პოზიციების დაფიქსირება.

“ის, რომ ეს მოსახლეობის დაკვეთაა, ამაზე ბევრი სხვა ფაქტორიც მეტყველებს. დააკვირდით ოპოზიციის მოქმედებას ამ კანონის მიღების პროცესში, მათ ვერ გაბედეს სხდომის დარბაზში შემოსვლა და პოზიციების დაფიქსირება ერთი მარტივი მიზეზის გამო, მათ იციან, რომ ამ კანონის მიღება მოსახლეობის დაკვეთაა, მაგრამ მეორე მხრივ, ქვეყნის გარედან მხარდაჭერის შემთხვევაში, ასეთ გადაწყვეტილებას არ მოუწონებენ. ოპოზიციამ ამ თვალსაზრისით, თავისი თავი გამოამჟღავნა. ზუსტად ანალოგიურ სიტუაციაში აღმოჩნდა სალომე ზურაბიშვილი, როგორც ეს რადიკალური ოპოზიცია, მან არც ვეტო გამოიყენა და არც ხელი მოაწერა – ამასაც მარტივი ახსნა აქვს, ისიც აღმოჩნდა ისეთივე უსუსურ მდგომარეობაში, როგორშიც არის რადიკალური ოპოზიცია. მას ვეტო რომ დაედო კანონისთვის, ძალიან კარგად იცოდა, რომ ამას მოსახლეობის მხრიდან მოჰყვებოდა ძალიან უარყოფითი დამოკიდებულება მასთან მიმართებით და მეორე მხრივ, ხელი რომ მოეწერა ამას არ მოუწონებდნენ მას ქვეყნის გარედან,”- განაცხადა გიორგი კახიანმა “რუსთავი ორის” ეთერში საუბრისას.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კანონს “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ” ხელი მოაწერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები