მეთიუ მილერი: ზელენსკის მიერ წარდგენილ „გამარჯვების გეგმაში“ არაერთი პროდუქტიული ნაბიჯი დავინახეთ
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ მათ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ წარდგენილ „გამარჯვების გეგმაში“ არაერთი პროდუქტიული ნაბიჯი დაინახეს და ამ საკითხზე უკრაინულ მხარეს დაუკავშირდებიან,- ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.
სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას „გამარჯვების გეგმის“ დეტალებზე საჯაროდ არ უსაუბრია, ამიტომ, თავადაც არ ისაუბრებს ამის შესახებ. მაგრამ, მისივე თქმით, შეერთებულმა შტატებმა ეს გეგმა გაითვალისწინა.
„ჩვენ გადავხედეთ გეგმას და მასში არაერთი პროდუქტიული ნაბიჯი დავინახეთ. ჩვენ უკრაინელებს ამის შესახებ დაველაპარაკებით.
„გამარჯვების გეგმა“ ეხება არა მხოლოდ იმ ქმედებებს, რომლებსაც უკრაინა განახორციელებს, არამედ იმ ნაბიჯებსაც, რომლებიც მსოფლიოს სხვა ქვეყნებმა, შეიძლება, გადადგან“, – განაცხადა მილერმა.
უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივნის, სერგეი ნიკიფოროვის თქმით, უკრაინის დელეგაციის შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს, ამერიკულმა მხარემ „გამარჯვების გეგმის“ მიმართ დიდი ინტერესი გამოიჩინა.
თუმცა, მანამდე The Wall Street Journal-ი წერდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია შეშფოთებულია იმით, რომ უკრაინის „გამარჯვების გეგმას“ ყოვლისმომცველი სტრატეგია არ აქვს.