მოზარდ მაყურებელთა თეატრმა დანიაში უილიამ შექსპირის „ოტელო“ წარმოადგინა
ქართული კულტურის დღეების ფარგლებში დანიის თეატრში „ავენი-ტი“ მოზარდ მაყურებელთა თეატრმა წარმოადგინა უილიამ შექსპირის „ოტელო“ (რეჟისორები დ. ხვთისიაშვილი და გ. მარღანია).
კულტურის დღეები საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით, ასევე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დანიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარეობს.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, სპექტაკლმა ევროპელი მაყურებლის დიდი მოწონება და ოვაციები დაიმსახურა.
„მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლი არის უილიამ შექსპირის ცნობილი ტრაგედიის უჩვეულო ვერსია – თოჯინური სპექტაკლისა და ცოცხალი შესრულების სინთეზი. „ოტელოს“ თბილისური პრემიერა 2022 წლის ოქტომბერში გაიმართა. სპექტაკლი მიეძღვნა კოტე მარჯანიშვილის დაბადების 150 და პეტრე ოცხელის დაბადების 115 წლის იუბილეებს.
თოჯინებიცა და დეკორაციაც პეტრე ოცხელის ესკიზების მიხედვით არის დამზადებული, რომლებიც მხატვარმა კოტე მარჯანიშვილის „ოტელოსთვის“ თითქმის ერთი საუკუნის წინ შექმნა.
შეგახსენებთ, რომ დანიის სამეფოში, კოპენჰაგენში, 24 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით ქართული კულტურის დღეები იმართება. პროგრამა ითვალისწინებს ქართული ტრადიციული სიმღერისა და ცეკვის, ვიზუალური, თეატრალური და კინოხელოვნების წარმოჩენას.
მომდევნო სამი დღის განმავლობაში პროგრამით გათვალისწინებულია ქართული კინოს რეტროსპექტივა.
ფესტივალის სტუმრები „დეტ-ნი თეატრიში“ დაესწრნენ ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლ „ბასიანისა“ და ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის კონცერტს. კოპენჰაგენის წმინდა ანას სახელობის სკოლა-გიმნაზიაში გაიმართა ანსამბლ „ბასიანის“ ქართული ხალხური სიმღერის ლექცია-მასტერკლასი და შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ აფორიზმების პირველი დანიური თარგმანის პრეზენტაცია გიორგი სისაურის კალიგრაფიის ხელოვნების მასტერკლასის თანხლებით.
ქართული კულტურის დღეები ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობის გაღრმავებას, ევროპელი ხალხისა და იქ მცხოვრები ქართველებისათვის ქართული კულტურისა და ტრადიციების გაცნობას.
შეგახსენებთ: 2023 წელს 4 მაისიდან 20 აგვისტომდე, საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით და ლუიზიანას მუზეუმთან თანამშრომლობით, დანიაში, ლუიზიანას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.
დაინტერესებულმა საზოგადოებამ ნახა ფიროსმანის 48 ნამუშევარი. ეს იყო პირველი და ისტორიული შემთხვევა, როდესაც ევროპის ერთ-ერთ პრესტიჟულ მუზეუმში ფიროსმანის შემოქმედება ასე მასშტაბურად წარმოადგინეს. ლუიზიანას მუზეუმის დირექტორის, პოლ ერიკ ტოინერის, თქმით, ფიროსმანის გამოფენას 260 000 დამთვალიერებელი ეწვია და სტუმართა ამ რაოდენობამ ყველას მოლოდინს გადააჭარბა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ქართული კულტურის დღეების ღონისძიებებზე დასწრება უფასოა.
დანიაში საქართველოს დღეების პროგრამა იხილეთ ბმულზე: https://denmark.mfa.gov.ge/en/georgian-culture-days