დანიაში ქართული კულტურის დღეების ფარგლებში თენგიზ აბულაძის ფილმი „მონანიება“ აჩვენეს
დანიაში ქართული კულტურის დღეების ფარგლებში თენგიზ აბულაძის ფილმი „მონანიება“ უჩვენეს. ჩვენება, საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დანიის კინოინსტიტუტის სინემათეკასთან პარტნიორობით, გაიმართა.
კინოჩვენებას წაუძღვა კინომცოდნე ქეთევან ტრაპაიძე.
„ფილმი იმ დროს შეიქმნა, როდესაც მისი გამოსვლა ეკრანებზე საბჭოთა სისტემის და, საერთოდ, ნებისმიერი მსგავსი რეჟიმის წინააღმდეგ წასვლას უტოლდებოდა. მიუხედავად ამისა, საქართველო იყო ქვეყანა, რომელშიც 60-იანელთა კინოს ფენომენი გამორჩეულად მოაზროვნე რეჟისორის, თენგიზ აბულაძის, წყალობით სიმართლეზე ალაპარაკდა.
„მონანიება“ პოეტური, თუმცა თავისი სიმართლით დაუნდობელი იგავია. ის სავსეა თაობების სათქმელით, ანალოგიებით წარსულთან და ტირანიის ერთი და იმავე სიმბოლოებით. ვარლამ არავიძე – ადამიანი არსაიდან, რწმენისა და ღირებულებების მტრად ქცეული მონსტრი, კაცობრიობის წიაღში აღმოცენებული მოვლენაა, რამდენადაც მონანიების, სინდისის, განცდის ფენომენს არ სჭირდება კონკრეტიკა. „მონანიება“ ატარებს წარსულის გამოძახილს, როგორც სამყაროს ტკივილს, რომლის შეგრძნებაც აუცილებელია. ხატოვან წიგნად გააზრებული ეს სიმართლე ფილმში ქართული კულტურის ჭეშმარიტ ღირებულებებზე მიუთითებს.
ინფორმაციისთვის, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით, ასევე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დანიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით დანიის სამეფოში, კოპენჰაგენში, 24 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით ქართული კულტურის დღეები იმართება და პროგრამა ითვალისწინებს ქართული ტრადიციული სიმღერისა და ცეკვის, ვიზუალური და თეატრალური საშემსრულებლო ხელოვნების, კინოხელოვნების წარმოჩენას.
ღონისძიებების პროგრამის ფარგლებში მომდევნო ორი დღის განმავლობაში სტუმრები იხილავენ ქართული კინოს რეტროსპექტივას.
ფესტივალის სტუმრებმა უკვე იხილეს: „დეტ-ნი თეატრში“ ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლ „ბასიანისა“ და ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის კონცერტი; ანსამბლ „ბასიანის“ ქართული ხალხური სიმღერის ლექცია-მასტერკლასი, რომელიც კოპენჰაგენის წმინდა ანას სახელობის სკოლა-გიმნაზიაში გაიმართა და შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ აფორიზმების პირველი დანიური თარგმანის პრეზენტაცია გიორგი სისაურის კალიგრაფიის ხელოვნების მასტერკლასის თანხლებით; ასევე მაყურებელმა იხილა დანიის თეატრში „ავენიუ-ტი“ მოზარდ მაყურებელთა თეატრის წარმოდგენა უილიამ შექსპირის „ოტელო“.
ქართული კულტურის დღეები ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობის გაღრმავებას, ევროპელი ხალხისა და იქ მცხოვრები ქართველებისათვის ქართული კულტურისა და ტრადიციების გაცნობას.
შეგახსენებთ: 2023 წელს 4 მაისიდან 20 აგვისტომდე საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით და ლუიზიანას მუზეუმთან თანამშრომლობით დანიაში, ლუიზიანას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.
დაინტერესებულმა საზოგადოებამ ფიროსმანის 48 ნამუშევარი ნახა. ეს იყო პირველი და ისტორიული შემთხვევა, როდესაც ევროპის ერთ-ერთ პრესტიჟულ მუზეუმში ფიროსმანის შემოქმედება ასე მასშტაბურად წარმოადგინეს. ლუიზიანას მუზეუმის დირექტორის, პოლ ერიკ ტოინერის, თქმით, ფიროსმანის გამოფენას 260 000 დამთვალიერებელი ეწვია და სტუმართა ამ რაოდენობამ ყველას მოლოდინს გადააჭარბა“, – აღნიშნულია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ქართული კულტურის დღეების ღონისძიებებზე დასწრება უფასოა.
დანიაში საქართველოს დღეების პროგრამა იხილეთ ბმულზე:https://denmark.mfa.gov.ge/en/georgian-culture-days