საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი  მოსახლეობის აღწერებთან დაკავშირებულ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი  – გოგიტა თოდრაძე მოსახლეობის აღწერებთან დაკავშირებულ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს, რომელიც გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიისა (UNECE) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ორგანიზებით, მიმდინარე კვირის განმავლობაში, შვეიცარიის ქ. ჟენევაში მიმდინარეობს.

ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, იმართება პანელური დისკუსიები მოსახლეობისა და საცხოვრისების აღწერებთან დაკავშირებით, განიხილება სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება, მოსახლეობის აღწერის ფარგლებში მონაცემთა შეგროვების უახლესი ტექნოლოგიების გამოყენების, ასევე, მონაცემთა გავრცელების თანამედროვე საშუალებების შესახებ.

“შეხვედრის მიმდინარეობისას გოგიტა თოდრაძემ მონაწილეებს გაუზიარა ინფორმაცია 2024 წელს საქართველოში დაგეგმილი მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის შესახებ, ისაუბრა მონაცემთა შეგროვების მეთოდების, აღწერის ფარგლებში უკვე შესრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობების, აგრეთვე საქსტატის მიერ დანერგილი სიახლეების შესახებ.

აღნიშნული შეხვედრა ყოველწლიურად იმართება და მასში მონაწილეობს 55-მდე ქვეყნის 100-ზე მეტი მონაწილე, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და მაღალი თანამდებობის პირები. იგი წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას, სხვადასხვა ქვეყანაში მოსახლეობის აღწერებთან დაკავშირებული გამოცდილების გაზიარების, მიღწეული პროგრესის შეფასებისა და გაეროს რეკომენდაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

საქსტატის ხელმძღვანელთან ერთად აღწერის კვირეულში მონაწილეობს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე – პაატა შავიშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა მიმდინარე წლის 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება. ამასთან, პირველად აღწერების ისტორიაში, საქსტატი აღწერას თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით (თვითრეგისტრაციისა და პლანშეტური კომპიუტერების გამოყენებით), ქაღალდის კითხვარების გარეშე ჩაატარებს”, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები