ცნობილმა რუსმა მწერალმა ედუარდ უსპენსკიმ რუსების 90 % იდიოტებად მოიხსენია

რუსეთი ყირიმის მოვლენების შემდეგ ორ ბანაკად გაიყო: 10 % ჭკვიანები და 90 % იდიოტები – ეს შეფასება ცნობილმა რუსმა მწერალმა ედუარდ უსპენსკიმ გააკეთა. ვინ რომელ მხარეს მივეკუთვნებით, ამას ყველა საკუთარი პოლიტიკური პოზიციიდან გამომდინარე წყვეტს – მიიჩნევს უსპენსკი.
ცნობილმა რუსმა საბავშვო მწერალმა ტელეარხ „Дождь“-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მხარს უჭერს ანდრეი მაკარევიჩს, რომლის სახელსაც უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებული პოზიციის გამო რუსული მედია მუდმივად ლაფში სვრის. მწერლის აზრით, ქვეყანაში უკრაინის მოვლენების და მათ შორის ყირიმის გამო გამო ერის გახლეჩა მოხდა. „ქვეყანა გაიყო 10 % ჭკვიანებად და 90 % იდიოტებად „ – განაცხადა უსპენსკიმ. ამასთან მწერალი საკუთარ თავს უმცირესობაში მიიჩნევს და ყირიმის შემოერთებას რუსეთის ხელისუფლების შეცდომად თვლის. უსპენსკის აზრით რუსებს შორის ამ განხეთქილების მიზეზი გახლავთ ის, რომ „ არ არსებობს კულტურული ფესვები, არ არსებობს მუდმივი კანონები, რომლებიც რომელიმე თაობას სიტყვა „დემოკრატიის“ ერთიანი გაგებით აღზრდიდნენ“. გარდა ამისა უსპენსკი მიიჩნევს, რომ რუსული ტელემაუწყებლობა საზოგადოებრივი აზრის მუდმივ მანიპულირებას ახდენს. შეგახსენებთ ედუარდ უსპენსკი გამოჩენილი რუსი საბავშვო მწერალია. სწორედ მისი შექმნილი გახლავთ ცნობილი პერსონაჟები: ნიანგი გენა, მატროსკინი, ძია ფიოდორი, ფოსტალიონი პეჩკინი და ჩებურაშკა. საბავშვო ნაწარმოებების გარდა უსპენსკი ცნობილი ტელეგადაცემების ავტორიც გახლავთ, რომელთა შორის განსაკუთრებით აღსაღნიშნავია – „Спокойной ночи, малыши“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები