„მოგზაურობა იოჰან სებასტიან ბახის საორღანო მუსიკის სამყაროში” – კონცერტი გაიმართება
8 ოქტომბერს, 20:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი საკონცერტო დარბაზი იოჰან სებასტიან ბახის საორღანო მუსიკას დაეთმობა.
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ინფორმაციით, საქართველოს წამყვანი მუსიკალური ბიზნესკომპანია „ბრავო რექორდსის“ ინიციატივით გაიმართება კონცერტი – „მოგზაურობა იოჰან სებასტიან ბახის საორღანო მუსიკის სამყაროში”.
უდიდესი გერმანელი კომპოზიტორის ნაწარმოებებს შეასრულებს ცნობილი გერმანელი ორღანისტი, კლავესინისტი და დირიჟორი, ლინცის და შტუტგარტის სახელმწიფო მუსიკალური უნივერსიტეტების პროფესორი, იორგ ჰალუბეკი, რომელიც შუა საუკუნეების ინსტრუმენტებზე – ორღანსა და კლავესინზე, მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად ითვლება. ამავე დროს იორგ ჰალუბეკი არის შუა საუკუნეების მუსიკის ერთ-ერთი უდიდესი მკვლევარი. მისი აღმოჩენილია რამდენიმე მივიწყებული ოპერა და ბაროკოს პერიოდის მრავალი მუსიკალური ნაწარმოები.
2004 წელს, ლაიფციგში იოჰან სებასტიან ბახის სახელობის მე-14 საერთაშორისო კონკურსში გამარჯვების შემდეგ, იორგ ჰალუბეკმა განახორციელა ფართომასშტაბიანი პროექტი სახელწოდებით – „ბახის საორღანო პეიზაჟები”, რომლის ფარგლებშიც, მან იმოგზაურა გერმანიის სხვადასხვა ქალაქში და შეისწავლა ორღანთმშენებლობის ტრადიციები, შეხება ჰქონდა ბახის დროინდელ ისტორიულ ინსტრუმენტებთან, გამოიკვლია ამ ქალაქებისთვის დამახასიათებელი კულტურული თავისებურებების გავლენები იოჰან სებასტიან ბახის საორღანო მუსიკის ჟღერადობებზე.
იორგ ჰალუბეკმა ვიდეოგადამღებ ჯგუფთან ერთად, იმოგზაურა გერმანიის 10 ქალაქში, დაუკრა იმ ორღანებზე, სადაც თავის გენიალურ კომპოზიციებს ქმნიდა და ასრულებდა იოჰან სებასტიან ბახი და ეს უნიკალური მუსიკალური პროექტი BERLIN CLASSICS-ის რექორდ ლეიბლთან ერთად CD ალბომების სერიად გამოსცა. აღნიშნული მოგზაურობის შედეგად, იორგ ჰალუბეკმა და მისმა ვიდეოგადამღებმა ჯგუფმა შექმნეს უნიკალური ფოტო და 360°-იანი VR ვიდეო მასალა, რომელზედაც ამ უნიკალური პროექტის ფარგლებში აღიბეჭდა ბახის ხმოვანი სამყარო – გერმანიის ქალაქები და მათი შემოგარენი, ეკლესიები, ორღანები, ის გარემო, სადაც ცხოვრობდა და თავის მარადიულ მუსიკას ქმნიდა გენიალური იოჰან სებასტიან ბახი.
2007 წელს, 14 კვირა დღის განმავლობაში გამართულ კონცერტებზე, იორგ ჰალუბეკმა იოჰან სებასტიან ბახის ყველა საორღანო ნაწარმოები შეასრულა. დღესდღეობით, ის მონაწილეობს ბახის მუსიკალურ ფესტივალებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ასევე სხვადასხვა ორკესტრთან ერთად გამოდის მსოფლიოს საკონცერტო სცენებზე, როგორც კლავესინისტი. 2008 წელს მისი თაოსნობით შეიქმნა ბაროკოს ცნობილი ორკესტრი – ”Il Gusto Barocco”.
ასე რომ, 8 ოქტომბერს, სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში, იორგ ჰალუბეკის ბახის საორღანო მუსიკის პროექტი ქართველი მსმენელის წინაშე წარდგება!
საკონცერტო პროგრამა
იოჰან სებასტიან ბახი (1685 –1750)
ლიუნებურგი (1700)
ნიჰოფი, შერერი, შტელვაგენი
ქორალი „იესო, ჩემო სიხარულო“! BWV 1105
(გადამუშავებული ქორალი „ნოიმაიერის კოლექციიდან“)
——-
არნშტადტი (1703) – ვენდერი
ტოკატა და ფუგა რე-მინორი BWV 565
„დიდება ზეცით უფალს“ BWV 715
(გადამუშავებული ქორალი)
——-
ლიუბეკი (1705) – შერერი, შტელვაგენი
პასაკალია დო-მინორი BWV582
——-
ვაიმარი (1708) – კომპენიუსი, ტრებსი
ტრიო-სუპერი „უფალო იესო ქრისტე, მოგვაპყარ შენი მზერა“ BWV 655
——-
კონცერტი რე-მინორი BWV 596 – Grave – Fuga – Largo e spiccato
——-
ჰამბურგი (1720) – შნიტგერი
ფანტაზია (BWV542)
——-
ლაიფციგი (1739) – ტროსტი, ჰილდებრადტი, ზილბერმანი
„გაიღვიძეთ, ხმა გვეძახის“ BWV 645 (შუბლერის ქორალებიდან)
——-
ფუგა სოლ-მინორი (BWV 542)