დავით მათიკაშვილი – ლავროვის განცხადებაზე: ჯარების გაყვანა უნდა მოხდეს აუცილებლად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და შემდგომ უკვე შესაძლებელია დანარჩენ პროცესზე საუბარი

ჯარების გაყვანა უნდა მოხდეს აუცილებლად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და შემდგომ უკვე შესაძლებელია დანარჩენ პროცესზე საუბარი, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

„საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, ჩვენ არაერთგზის გვაქვს გაცხადებული, რომ ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, მშვიდობიანი მეთოდით და მშვიდობით, ურთიერთშერიგებით. არცერთი წამით, არცერთ დონეზე არ არის შეცვლილი რაიმე სახით პოლიტიკა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით. პირიქით, ეს არის ის ტერიტორიები, რომლებიც არის ოკუპირებული დღეს საქართველოში და სადაც საჭიროა დეოკუპაცია.

ის კონტექსტი, რომელიც ამ განცხადებაში აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, ანუ ცხინვალის რეგიონთან, ასე ვთქვათ, რუსულ დამოკიდებულებას შეიცავს, ბუნებრივია, ამას ჩვენ არ ვეთანხმებით და ვერც ვერასდროს დავეთანხმებით, მაგრამ ის ინიციატივა, რომელიც მშვიდობის დამყარებაში თანადგომას და ხელშეწყობას გულისხმობს, ბუნებრივია, პოზიტიურია, თუმცა ამ განცხადების პოზიტიურობის მნიშვნელობა გაიზრდება მაშინ, როდესაც მოხდება მისი გამყარება რეალური ქმედებებით.
ეს რეალური ქმედება, პირველ რიგში, არის, ცხადია დეოკუპაცია ქვეყნის ტერიტორიის, რომელიც ჯარების გაყვანით იწყება. ჯარების გაყვანა უნდა მოხდეს აუცილებლად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და შემდგომ უკვე შესაძლებელია დანარჩენ პროცესზე საუბარი“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა “ქრონიკის” ეთერში.

ცნობისთვის, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ „მოსკოვი მზად არის, საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ურთიერთობების ნორმალიზებაში დაეხმაროს, თუ თავად ისინი იქნებიან დაინტერესებულნი, მათ შორის ეს ეხება თავდაუსხმელობის შეთანხმების უზრუნველყოფას“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები