დანიის სამეფო ბიბლიოთეკაში შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ აფორიზმების პირველი დანიური თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა

ქართული კულტურის დღეების ფარგლებში დანიის სამეფო ბიბლიოთეკაში შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ აფორიზმების პირველი დანიური თარგმანის პრეზენტაცია, გიორგი სისაურის კალიგრაფიის ხელოვნების მასტერკლასის თანხლებით, გაიმართა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე კობა ხუბუნაია, დანიის სამეფოში საქართველოს საელჩოს, ქართული დიასპორის წარმომადგენლები და ევროპელი სტუმრები ესწრებოდნენ.
პრეზენტაციას დანიის სამეფოსა და ისლანდიაში საქართველოს ელჩი ნატა მენაბდე უძღვებოდა.
ღონისძიებამ ქართული ისტორიისა კულტურის მიმართ დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.
„როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით, ასევე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დანიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით დანიის სამეფოში, კოპენჰაგენში, 24 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით ქართული კულტურის დღეები იმართება და პროგრამა ითვალისწინებს ქართული ტრადიციული სიმღერისა და ცეკვის, ვიზუალური და თეატრალური საშემსრულებლო ხელოვნების, კინოხელოვნების წარმოჩენას.
ღონისძიებების პროგრამის ფარგლებში მომდევნო დღეებში სტუმრები იხილავენ ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის წარმოდგენას – უილიამ შექსპირის „ოტელოს“ და სამი დღის განმავლობაში ქართული კინოს რეტროსპექტივას.
ფესტივალის სტუმრებმა უკვე იხილეს: „დეტ-ნი თეატრში“ ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლ „ბასიანისა“ და ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის კონცერტი; ანსამბლ „ბასიანის“ ქართული ხალხური სიმღერის ლექცია-მასტერკლასი, რომელიც კოპენჰაგენის წმინდა ანას სახელობის სკოლა-გიმნაზიაში გაიმართა.
ქართული კულტურის დღეები ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობის გაღრმავებას, ევროპელი ხალხისა და იქ მცხოვრები ქართველებისათვის ქართული კულტურისა და ტრადიციების გაცნობას.
შეგახსენებთ: 2023 წელს 4 მაისიდან 20 აგვისტომდე საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით და ლუიზიანას მუზეუმთან თანამშრომლობით დანიაში, ლუიზიანას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. დაინტერესებულმა საზოგადოებამ ფიროსმანის 48 ნამუშევარი ნახა. ეს იყო პირველი და ისტორიული შემთხვევა, როდესაც ევროპის ერთ-ერთ პრესტიჟულ მუზეუმში ფიროსმანის შემოქმედება ასე მასშტაბურად წარმოადგინეს. ლუიზიანას მუზეუმის დირექტორის, პოლ ერიკ ტოინერის, თქმით, ფიროსმანის გამოფენას 260 000 დამთვალიერებელი ეწვია და სტუმართა ამ რაოდენობამ ყველას მოლოდინს გადააჭარბა.
ქართული კულტურის დღეების ღონისძიებებზე დასწრება უფასოა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
დანიაში საქართველოს დღეების პროგრამა იხილეთ ბმულზე:https://denmark.mfa.gov.ge/en/georgian-culture-days

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები