კოპენჰაგენში ანსამბლმა „ბასიანმა“ ქართული ხალხური სიმღერის ლექცია-მასტერკლასი გამართა

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, 26 სექტემბერს კოპენჰაგენის წმინდა ანას სახელობის სკოლა-გიმნაზიაში ფოლკლორულმა ანსამბლმა „ბასიანმა“ ქართული ხალხური სიმღერის ლექცია-მასტერკლასი გამართა.
ლექცია-მასტერკლასს გაუძღვა ეთნომუსიკოლოგი ნანა მჟავანაძე. ლექცია-მასტერკლასს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე კობა ხუბუნაია, დანიის სამეფოსა და ისლანდიაში საქართველოს ელჩი ნატა მენაბდე, დანიის სამეფოში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები, კოპენჰაგენის წმინდა ანას სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები, პედაგოგები და წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დასასრულ, სკოლის სტუდენტებმა და ანსამბლმა „ბასიანმა“ ერთობლივად შეასრულეს აჭარული „განდაგანა“ და დანიური სიმღერა. ქართული პოლიფონიური მუსიკისა და სიმღერის ნიმუშებმა სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით, ასევე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დანიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით დანიის სამეფოში, კოპენჰაგენში, 24 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით ქართული კულტურის დღეები იმართება. ღონისძიებების პროგრამა ითვალისწინებს ქართული ტრადიციული სიმღერისა და ცეკვის, ვიზუალური და თეატრალური საშემსრულებლო ხელოვნების, კინოხელოვნების წარმოჩენას, კერძოდ, გიორგი სისაურის კალიგრაფიის ხელოვნების მასტერკლასის თანხლებით წარადგენენ შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ აფორიზმების დანიურ თარგმანს; ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი წარმოადგენს უილიამ შექსპირის „ოტელოს“; საქართველოს ეროვნული კინოცენტრი დანიის კინოინსტიტუტის სინემათეკასთან პარტნიორობით გამართავს ქართული კინოფილმების ჩვენებას.
პირველივე დღეს „დეტ-ნი თეატრში“ გაიმართა ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლ „ბასიანისა“ და ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის კონცერტი; გიორგი სისაურის კალიგრაფიული ხელოვნების მასტერკლასი.
ქართული კულტურის დღეები ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობის გაღრმავებას, ევროპელი ხალხისა და იქ მცხოვრები ქართველებისათვის ქართული კულტურისა და ტრადიციების გაცნობას.
შეგახსენებთ: 2023 წელს 4 მაისიდან 20 აგვისტომდე საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით და ლუიზიანას მუზეუმთან თანამშრომლობით დანიაში, ლუიზიანას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. დაინტერესებულმა საზოგადოებამ ფიროსმანის 48 ნამუშევარი ნახა. ეს იყო პირველი და ისტორიული შემთხვევა, როდესაც ევროპის ერთ-ერთ პრესტიჟულ მუზეუმში ფიროსმანის შემოქმედება ასე მასშტაბურად წარმოადგინეს. ლუიზიანას მუზეუმის დირექტორის, პოლ ერიკ ტოინერის, თქმით, ფიროსმანის გამოფენას 260 000 დამთვალიერებელი ეწვია და სტუმართა ამ რაოდენობამ ყველას მოლოდინს გადააჭარბა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები