გიორგი ტყემალაძემ და საკრებულოს წევრებმა სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებმა, საკრებულოს უმრავლესობის ლიდერმა და უმრავლესობის წევრებმა, აფხაზეთში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, 27 სექტემბერი უმძიმესი დღეა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში.
„სოხუმის დაცემის დღე ტრაგიკული დღეა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ეს არის ქართველების და აფხაზების ერთობლივი ტრაგედია, რომელსაც ათასობით მებრძოლთან ერთად მშვიდობიანი მოქალაქეებიც შეეწირნენ. ამ ომს გამარჯვებული არ ჰყოლია. მჯერა, ერთიანი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და მშვიდობიანი გზით აღვადგენთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
სოხუმის დაცემის დღიდან 31 წელი გავიდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ომი 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა, ათასობით ქართველი იძულებული გახდა საკუთარი სახლი დაეტოვებინა.