მსოფლიოში აღიარებული მევიოლინის – მარატ ბისენგალიევისა და ინდოეთის სიმფონიური ორკესტრის (SOI) კონცერტი გაიმართება

თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი – „საქართველოს სინფონიეტა“, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, აგრძელებს თანამშრომლობას ინდოეთის სიმფონიურ ორკესტრთან (SOI), რომელიც პირველად საქართველოს ოქტომბერში ესტუმრება.
როგორც „კვირას“ „საქართველოს სინფონიეტას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა თეა მუქერიამ აცნობა, 5 ოქტომბერს, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში, SOI (ინდოეთის სიმფონიური ორკესტრი) კამერული ორკესტრი გამართავს კონცერტს.
„ინდოეთის სიმფონიური ორკესტრი (SOI) მუმბაის საშემსრულებლო ხელოვნების ეროვნულ ცენტრშია (NCPA) დაფუძნებული და ინდოეთის პირველი და ერთადერთი პროფესიონალი ორკესტრია. იგი დაარსდა 2006 წელს, NCPA-ს თავმჯდომარის – ხუშრუ ნ. სანტუკისა და მსოფლიოში ცნობილი მევიოლინე მარატ ბისენგალიევის მიერ, რომელიც დღემდე ორკესტრის მუსიკალური დირექტორი გახლავთ. ინდოეთის სიმფონიურ ორკესტრთან (SOI) უდირიჟორია ისეთ ცნობილ დირიჟორებს, როგორებიც არიან: ზუბინ მეტა, კარლო რიცი, მარტინ ბრაბინსი, შარლ დუტუა, კარლ ჯენკინსი და სხვა. ორკესტრთან ერთად კონცერტები გაუმართავს მსოფლიოში აღიარებულ უამრავ სოლისტს, მათ შორის არიან: მარია ჟოაო პირესი, ოგიუსტან დუმაი, საიმონ ონილი, სედრიკ ტიბერგიენი და სხვა მრავალი.მსოფლიოში აღიარებული მევიოლინე მარატ ბისენგალიევი ინდოეთის სიმფონიური ორკესტრის დამფუძნებელი და მუსიკალური დირექტორია. გაზეთი “The Times” მას ახასიათებს, როგორც “ბრწყინვალე სოლისტ-მევიოლინეს”, ხოლო ამერიკული ჟურნალი “Fanfare”, “თანამედროვე იზაიდ” მოიხსენიებს. მას დაკრული აქვს მსოფლიოს წამყვან დარბაზებში მთელს მსოფლიოში, მათ შორის: “Carnegie Hall”, “Lincoln Center”, “the Kennedy Center”, “Royal Albert Hall”, “Barbican”, “Wigmore Hall”, “Bridgewater Hall” და “the Forbidden City Concert Hall”. 2024 წლის ივნისში, ყაზახეთის მსოფლიო რუკაზე მონიშვნის პროცესში შეტანილი წვლილისთვის, ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, მარატ ბისენგალიევი ქვეყნის კეთილი ნების ელჩად დაასახელა“, – აღნიშნა თეა მუქერიამ.
თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი – „საქართველოს სინფონიეტა“ საქართველოს ერთ-ერთი მოწინავე და მსოფლიოში აღიარებული ორკესტრია. „საქართველოს სინფონიეტა“ 2008 წელს დაარსდა. მისი რეპერტუარი მრავალფეროვანია და მოიცავს სხვადასხვა ეპოქის მუსიკალურ ნაწარმოებებს. ორკესტრის კონცერტები იმართება როგორც საქართველოში, ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. თბილისის საკონცერტო დარბაზების გარდა „საქართველოს სინფონიეტა“ კონცერტებს მართავს ისეთ შესანიშნავ დარბაზებში როგორიც არის: ბერლინის კონცერტჰაუსი, ამსტერდამის კონცერტგებაუ, მიუნჰენის კონსერვატორიის დიდი საკონცერტო დარბაზი და სხვა.
მუმბაის საშემსრულებლო ხელოვნების ეროვნული ცენტრის (NCPA) მიწვევით, „საქართველოს სინფონიეტამ“ და პიანისტმა – თამარ ლიჩელმა, 11 და 12 მარტს ინდოეთში, ჯუჰუს Prithvi Theatre-ში და NCPA Tata Theatre-ში კონცერტები გამართეს. ქართველ და ინდოელ მუსიკოსებს შორის კოლაბორაცია გრძელდება და ოქტომბერში, ინდოეთის სიმფონიურ ორკესტრს ახლა უკვე საქართველოში უმასპინძლებს თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი.
5 ოქტომბერს, თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში, კონცერტზე შესრულდება ედვარდ ელგარისა და კარლ ჯენკინსის ნაწარმოებები. „საქართველოს სინფონიეტასა“ და ინდოელი კოლეგებისგან, მუსიკალური სიურპრიზებიც ელოდება მსმენელს. კონცერტის დასაწყისი 19:00 საათი..
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ – www.biletebi.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები