კონსტანტინე გამსახურდია ბრიუსელში ჩეჩნეთის ომის ვეტერანების, ასევე ემიგრაციაში მყოფი რესპუბლიკა იჩქერიის ხელისუფლების წარმომადგენელთა შეკრებაში მონაწილეობდა
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი კონსტანტინე გამსახურდია ბრიუსელში იმყოფებოდა, სადაც მონაწილეობა მიიღო ჩეჩნეთის ომის ვეტერანთა, ასევე ემიგრაციაში მყოფი რესპუბლიკა იჩქერიის ხელისუფლების წარმომადგენელთა შეხვედრაში კონფერენციის ფორმატით.
ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, ღონისძიებაზე საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ეროვნული გმირი ზვიად გამსახურდია სიკვდილის შემდეგ განსაკუთრებული წესით დაჯილდოვდა ჩეჩნეთის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოთი – „ყომან სი“-ს (ეროვნული ღირსების) ორდენით და ასევე – ჯოხარ დუდაევის ორდენით.
„21 სექტემბერს ბრიუსელში შედგა ჩეჩნეთის ომის ვეტერანების, ასევე ემიგრაციაში მყოფი რესპუბლიკა იჩქერიის ხელისუფლების წარმომადგენელთა შეკრება კონფერენციის ფორმატში. აქ იმყოფებოდნენ ასევე სტუმრები და მომხსენებლები სხვადასხვა ქვეყნებიდან. მოხსენებები და დისკუსიები ხუთ პანელად იყო დაყოფილი, მათ შორის განიხილებოდა დღევანდელი ომის საკითხიც. შედგა დაჯილდოებაც – საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ეროვნული გმირი ზვიად გამსახურდია სიკვდილის შემდგომ განსაკუთრებული წესით დაჯილდოვდა ჩეჩნეთის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოთი – „ყომან სი“-ს (ეროვნული ღირსების) ორდენით და ასევე ჯოხარ დუდაევის ორდენით. ეს ჯილდოები მე გადმომცა აჰმედ ზაკაევმა, ამჟამად ჩეჩნეთის პრემიერ-მინისტრმა ემიგრაციაში (მთავარი ოფისები ლონდონსა და კიევში).
მე მადლობა გადავუხადე მას, რომ თავის გამოსვლებში ყოველთვის ახსენებს ზვიადს, ჯოხართან ერთად, რომელთა გაფრთხილებაც მსოფლიო პოლიტიკამ თავის დროზე უგულებელყო. ეს ჯილდო აუცილებლად იქნება განთავსებული ზვიად გამსახურდიას სახელობის მუზეუმში, როდესაც ამის დრო დადგება“, – განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ.