კომპოზიტორ ნინო ჯანჯღავას დავით აღმაშენებლის „გალობანი სინანულისანი“ შესრულდება
28 სექტემბერს, 19:00 საათზე, კონსერვატორიის მცირე დარბაზში შესრულდება დავით აღმაშენებლის „გალობანი სინანულისანი“ – სოლისტების, გუნდისა და სიმებიანი ორკესტრისათვის.
კომპოზიტორია ნინო ჯანჯღავა.
მონაწილეობენ: ანა ოთარაშვილი – სოპრანო; სალომე მაკარიძე – მეცო სოპრანო; გოგიტა ნატროშვილი – ტენორი; ზურაბ ავაგუმაშვილი – ბანი; ქეთი კვარაცხელია – არფა.
თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“. ქორმეისტერი ომარ ბურდული, დირიჟორი – ნინო ჯანჯღავა.
შესრულება ეძღვნება რეჟისორ თეიმურაზ აბაშიძის ხსოვნას.
თავად კომპოზიტორი ნინო ჯანჯღავა ნაწარმოების შექმნის ასეთ ისტორიას აქვეყნებს ფეისბუქის გვერდზე:
„ის 90-იანი წლები იყო, მხოლოდ ჰაერი და ხანდახან წყალიც რომ გვქონდა საარსებოდ. სამაგიეროდ ბევრი დრო იყო იმისათვის, რომ ის მეკეთებინა, რაც მინდოდა და მე კი იმის კეთება მინდოდა, რაც ვიცოდი. ახალი ნასწავლი მქონდა და მიხაროდა პოლიფონიის სავარჯიშოების კომბინაციური შეთავსებების ძიება, შეთხზვა და მერე მოსმენა (მე თვითონ ფორტეპიანოზე ვაჟღერებდი).
ჩვენი ოჯახის არაჩვეულებრივ ბიბლიოთეკაში ჭარბობდა წიგნები მეცნიერების შესახებ, თუმცა ლიანას გამო გვქონდა ბევრი პოეზია და თითქმის ყველა საუკუნის მხატვრული ლიტერატურა.
თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ 1989 წელს გამოცემული ეს ნაწარმოებიც მათ რიცხვში იყო, ც. ჯიშკარიანის, ლ. აბუაშვილის და დ. გამყრელიძის რედაქტორობით და ქალბატონ ლაურა გრიგოლაშვილის წინასიტყვაობით.
„დაღათუ ესრეთ განვხრწენ ყოველნი გრძნობანი“ – ეს იყო ის სტრიქონი, რომელიც პირველად წავიკითხე და გავედევნე მარცვალ-მარცვალ მის გამუსიკებას და როგორც კალიუმის პერმანგანატი იხსნება წყალში ასე შევერიე, თუ შემერია და ერთ დიდ სწრაფლმავალ რაღაცად იქცა ყველაფერი ძალიან მალე“…
პროექტის მხარდამჭერები არიან: კულტურისა და სპორტის სამინისტრო, თბილისის მერია, საავტორო სტუდია.