ნოტარიუსთა პალატაში იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსში გამარჯვებული სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა
პრაქტიკული სახელმძღვანელო ,,ბავშვზე მორგებული ეფექტური სანოტარო მომსახურება“ სანოტარო მოქმედებების შესრულებისას ბავშვთა საუკეთესო ინტერესებისა და მათი უფლებების სრულფასოვანი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნა. სახელმძღვანელოს ნოტარიუსები და სამართლის სფეროს წარმომადგენლები ყოველდღიურ პროფესიულ საქმიანობაში გამოიყენებენ.
პროექტის ხელმძღვანელმა, სამართლის დოქტორმა, ნოტარიუსმა ეკატერინე შენგელიამ და სამუშაო ჯგუფის წევრებმა მკვლევარმა, დოქტორანტმა ირაკლი ლეონიძემ და ექსპერტმა, სამართლის დოქტორმა ეკატერინე ბაღიშვილმა შეისწავლეს ბავშვთა ქონებრივი და პირადი უფლებების რეალიზების პრაქტიკული ასპექტები და გამოწვევები, ბავშვის პერსონალური მონაცემების დაცვის აქტუალური საკითხები; გააანალიზეს ამ მიმართულებით არსებული საერთაშორისო პრაქტიკა და შეიმუშავეს შესაბამისი რეკომენდაციები.
სახელმძღვანელოს პრეზენტაციას ესწრებოდნენ იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მანანა ბეგიაშვილი, ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ეკატერინე ნანდოშვილი, თავმჯდომარის მოადგილე მარიკა გოგოლაძე, გამგეობის წევრები, ნოტარიუსები, მოსამართლეები და აკადემიური წრის წარმომადგენლები.
პროექტი, რომელიც ნოტარიუსებისათვის სახელმძღვანელო დოკუმენტის შექმნას ითვალისწინებდა, იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა. საგრანტო კონკურსს უწყება ყოველწლიურად აცხადებს სისტემის საქმიანობაში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის ხელშეწყობისა და სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერის მიზნით. მიმდინარე წელს იუსტიციის სამინისტრო 17 გამარჯვებულ პროექტს აფინანსებს.
ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.