კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით რეჟისორ გიზო ჟორდანიას 90 წლის იუბილე აღინიშნა

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრის სცენაზე გაიმართა გიზო ჟორდანიას 90 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო. ღონისძიებას დაესწრო საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, იუბილეზე წარმოადგინეს რეჟისორის შემოქმედების ამსახველი ვიდეომასალა. კადრებად ნაჩვენები იყო ეპიზოდები გიზო ჟორდანიას სპექტაკლებიდან, დოკუმენტური კადრები მისი შემოქმედებითი ცხოვრებიდან და ნაწყვეტი მისი კინოროლიდან.

გამოჩენილი რეჟისორი და პედაგოგი გაიხსენეს ხელოვანებმა, თეატრმცოდნეებმა, მუსიკათმცოდნეებმა, ყოფილმა სტუდენტებმა, კოლეგებმა და ოჯახის წევრებმა. ამასთან, იუბილესთან დაკავშირებით საღამოს ძირითადი ნაწილის დასრულების შემდგომ მის ყოფილ აუდიტორიას, რომელშიც მოღვაწეობდა და საქმიანობდა, მიენიჭა გიზო ჟორდანიას სახელი.

ღონისძიების რეჟისორი ანდრო ენუქიძე იყო. საღამოს უძღვებოდა თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე, ხოლო მუსიკალურად გააფორმეს დათო ევგენიძემ და ნანა ავალიშვილმა.

გიზო ჟორდანია მრავალი ყველასათვის ცნობილი და გამორჩეული სპექტაკლის რეჟისორია. განსაკუთრებულად აღსანიშნავია მის მიერ დადგმული ვაჟა-ფშაველას „გველისმჭამელი“, ჯ. ფლეტჩერის „მომრჯულებლის მომრჯულებელი“, ჟ. კოკტოს „წარმოუდგენელი მშობლები“, თ. ჭილაძის „აკვარიუმი“, ნ. აზიანის „უკანასკნელი მასკარადი“, კ. გამსახურდიას „ხოგაის მინდია“, მოლიერის „გააზნაურებული მდაბიო“, ნ. დუმბაძის „მარადისობის კანონი“, პ. კაკაბაძის „ყვარყვარე“, ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“, „დაისი“, რ. ლაღიძის „ლელა“, ო. თაქთაქიშვილის „სამი ნოველა“, „მინდია“, „მთვარის მოტაცება“ (დაჯილდოვდა პრემიით 1977-78 წლების თეატრალური სეზონის საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრისათვის) და სხვა. გ. ჟორდანიამ ბათუმში დადგა მსოფლიოში პირველი საბავშვო ოპერა კ. გოცის „პრინცესა ტურანდოტის“ მიხედვით, რომელშიც გამოყენებული იყო ნაწყვეტები კლასიკოს კომპოზიტორთა ნაწარმოებებიდან. ამ დადგმისთვის მას 2003 წელს მიენიჭა ტბელ აბუსერიძის სახელობის სახელმწიფო პრემია, ხოლო მანამდე, 1983 წელს – საქართველოს სახალხო არტისტის საპატიო წოდება.

გიზო ჟორდანია მახვილგონივრული ჟანრული კოლორიტისა და ტიპაჟის გამორჩეული ოსტატი იყო. მძაფრი სატირული ქვეტექსტები და მუსიკალური პაროდიები მის ნამუშევრებს საინტერესოსა და მიმზიდველს ხდის.

რეჟისორის ღვაწლის პატივსაცემად გამართული საღამოს ორგანიზატორია საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხოლო ფინანსური მხარდამჭერი – საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები