ლევილში ეროვნული არქივის მასალები გამოიფინა
ლევილში 1924 წლის სახალხო აჯანყების ასი წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ეროვნული არქივის მასალები გამოიფინა.
ეროვნული არქივის ინფორმაციით, სამეცნიერო კონფერენცია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიება თეა წულუკიანმა, რატი ბრეგაძემ, პარლამენტის წევრებმა: ელისო ბოლქვაძემ, თენგიზ შარმანაშვილმა და ბექა ოდიშარიამ გახსნეს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა 1924 წლის აჯანყების როლის შესახებ ეროვნული ცნობიერების ფორმირების საქმეში და აღნიშნა, რომ ეროვნული არქივის ვებგვერდზე უკვე ხელმისაწვდომია მოძრაობის ამსახველი დოკუმენტები და მასალები.
ეროვნული არქივის მიერ მომზადებულ ექსპოზიციაში ასახულია ანტისაბჭოთა ეროვნული მოძრაობის ფორმები (ლოკალური აჯანყებები, მშვიდობიანი დემონსტრაციები, მიმართვები საერთაშორისო თანამეგობრობას და სხვ.), საქართველოს ემიგრანტული მთავრობის როლი ამ მოძრაობაში, 1924 წლის აჯანყების მომზადების ეტაპები, აჯანყების მარცხი და რეპრესიების მორიგი ტალღა. საარქივო მასალა ინფორმაციას გვაწვდის საბჭოთა ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეპრესიების მასშტაბის შესახებ. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილია წიგნები ტიერი ბერიშვილის პირადი კოლექციიდან.
კონფერენციის დაწყებამდე ქართული დელეგაციის წევრებმა პატივი მიაგეს საქართველოს პირველი რესპუბლიკის ემიგრაციული მთავრობის წარმომადგენელთა ხსოვნას და მათი საფლავები ყვავილებით შეამკეს.