არასაპარლამენტო პოლიტიკურმა პარტიებმა შეთანხმებას მიაღწიეს

არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიები საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისათვის მუშაობას იწყებენ. ნინო ბურჯანაძის პარტია „გაერთიანებულმა დემოკრატიულმა მოძრაობამ“, „ლეიბორისტულმა პარტიამ“, „ პატრიოტთა ალიანსმა“, „ეროვნულ – დემოკრატებმა“ და „ქართულმა დასმა“ ინტერპარტიული ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს. ჯგუფის მუშაობის ფორმატი ღიაა და მასში მონაწილეობის მიღება იმ არასაპარლამენტო პოლიტიკურ ორგანიზაციებსაც შუძლიათ, რომლებსაც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მუშაობის კუთხით, დიდი გამოცდილება აქვთ. ინტერპარტიულმა ჯგუფმა სამუშაო შეხვედრები უკვე გამართა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც გადაუდებელ ამოცანად მიიჩნევენ, საარჩევნო გარემოს რეფორმირებას.
ჯგუფი ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას, დროულად ჩაერთონ პროცესებში და ხელი შეუწყონ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას. ინტერპატიული ჯგუფის განცხადებით, სამუშაო პროცესი დაუყოვნებლივ დასაწყებია, რათა არჩევნებამდე ერთი წლით ადრე კონკრეტული ცვლილებები შემუშავდეს და კანონში აისახოს. ჯგუფმა საწყის ეტაპზე უკვე შეიმუშავა აუცილებელი ცვლილებების ჩამონათვალი, ესენია: საარჩევნო სისტემის ცვლილება, საარჩევნო სიების ბიომეტრიული ტექნოლოგიებიის ფორმირება, პოლიტიკურ სუბიექტებს შორის თანაბარი საარჩევნო პირობების უზრუნველყოფა და ადმინისტრაციული რესურსით მანიპულირების აღკვეთა. ინტერპარტიული ჯგუფი ასევე მიმართავს საერთაშორისო მოდერატორ ორგანიზაციებს, აქტიურად ჩაერთონ და ტრადიციულად მონიტორინგი გაუწიონ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების პროცესს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები