საფრანგეთი უკრაინის ენერგეტიკის მხარდასაჭერად 60 მილიონ ევროს გამოყოფს
უკრაინის დახმარებისა და რეკონსტრუქციის საკითხებში საფრანგეთის სპეციალური წარმომადგენლის, პიერ ჰეილბრონის განცხადებით, უკრაინის ენერგეტიკის მხარდასაჭერად, წლის ბოლომდე, 60 მილიონ ევროს გამოყოფენ.
„ზამთრის მოახლოებასთან ერთად, სიტუაცია კრიტიკულია – ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, რათა ენერგეტიკის საკითხებთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილებები სწრაფად ვიპოვოთ. საფრანგეთი წლის ბოლომდე, მინიმუმ, 60 მილიონ ევროს გამოყოფს“, – წერს პიერ ჰეილბრონი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
მანამდე, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს უკრაინის მიმართ ურყევი მხარდაჭერა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმების ფონზე და საერთაშორისო საზოგადოებას ქვეყნისთვის დახმარების გაზრდისკენ მოუწოდეს.