ზელენსკი – მომდევნო რამდენიმე თვე ამ ომში გადამწყვეტი იქნება
ბევრი დრო არ გვაქვს. მომდევნო რამდენიმე თვე ამ ომში გადამწყვეტი იქნება – რუსეთის ომში უკრაინის წინააღმდეგ და ყველა თქვენგანის წინააღმდეგ, რადგან ეს არის რუსეთის ომი თავად თავისუფლების წინააღმდეგ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკის მიღწევების აკადემიის დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„უფრო სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ. არ უნდა დავკარგოთ მომდევნო რამდენიმე თვე ომში, რათა არ დავკარგოთ შემდეგი ათწლეულები. უკრაინას აქვს გამარჯვების გეგმა და მე წარვუდგენ ამ გეგმას ამერიკას – პრეზიდენტ ბაიდენს, კონგრესს და ორივე საპრეზიდენტო კანდიდატს – კამალა ჰარისს და დონალდ ტრამპს.ასევე, ყველა ჩვენს გლობალურ მოკავშირეს. მჯერა, რომ ეს უნდა იყოს ჩვენი საერთო მიღწევა – გამარჯვება თავისუფლებისთვის, თავისუფლების ხარჯზე კომპრომისების გარეშე. ახლა ჩვენ ყველას გვაქვს ძალა, ჩამოვაყალიბოთ მსოფლიო, რომელშიც ჩვენი შვილები და მათი შვილები იცხოვრებენ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკის მიღწევების აკადემიის ყოველწლიური ჯილდო – The Golden Plate Award-ი მიიღო.