არბოში ანტონ ფურცელაძის სახლის რეაბილიტაცია დასრულდა
საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის, თეა წულუკიანის, ინიციატივითა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ცნობილი ქართველი მწერლის, პოეტისა და მთარგმნელის, ანტონ ფურცელაძის (1839-1914), დროებით საოკუპაციო ხაზთან, სოფელ არბოში მდებარე საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქცია-რესტავრაცია დასრულდა.
კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განახლებული სახლი ანტონ ფურცელაძის შთამომავლებთან ერთად მოინახულა.
„ანტონ ფურცელაძის სახლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ძეგლია, რადგან ის დროებით საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს.
საცხოვრებელი სახლის ორსართულიან ნაგებობას, რომელიც ნახევრად განადგურებული იყო, კონსერვაცია-რესტავრაცია და სარეაბილიტაციო სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისთვის შესაბამისი მეთოდოლოგიისა და მასალების გამოყენებით ჩაუტარდა.
რესტავრაციის პროცესში პირველ ეტაპზე ჩატარდა სადემონტაჟო სამუშაოები. რესტავრაციისას ფასადებსა და ინტერიერში შემორჩენილი ავთენტიკური ფორმების მაქსიმალურად შენარჩუნება მნიშვნელოვანი იყო. ორნამენტები აღდგა შაბლონების მიხედვით; ახალი კარ-ფანჯარა დამზადდა მყარი ჯიშის ხისგან; სრულად რესტავრირდა აივანი; შენობის სამღებრო სამუშაოებისთვის შესაბამისი ფერი შეირჩა რესტავრაციის პროექტის ავტორის მონაწილეობით; აღდგა კიბის უჯრედი; რესტავრირდა ეზოში შესასვლელი ჭიშკარი და მოეწყო ახალი ღობე; მოწესრიგდა ეზოს ტერიტორია და რესტავრაცია ჩაუტარდა ეზოში პატარა აუზს; ამასთანავე, აღდგა შესაბამისი წყალგაყვანილობის სისტემა; სრულად განახლდა ისტორიული მარანი, სარდაფში დაიგო ძველი ქართული აგური და აღდგა კედლები.
არქიტექტურულ-კონსტრუქციულ სამუშაოებთან ერთად, პროექტით გათვალისწინებული გეგმის მიხედვით შენობის სარეაბილიტაციო მონაკვეთებში მოეწყო ელექტრომომარაგების სისტემა, ასევე – წყალ-კანალიზაციის ქსელი და გათბობის სისტემა.
სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ 2022 წელს გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ – შპს „მშენებელმა“ შეასრულა. ძეგლის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი იყო 1 342 158,23 ლარი.
ძეგლი ნახევრად განადგურებული იყო, მთლიანად მორღვეული ჰქონდა ჩრდილოეთი მხარის აივანი, რომელიც შენობას მთელ სიგრძეზე გასდევდა. შემორჩენილი ჰქონდა მხოლოდ ერთი – ჩრდილოეთის კედელი და მიწაში სრულად ჩაფლული მარანი.
აღსანიშნავია, რომ სამომავლოდ იგეგმება საცხოვრებელი სახლის ერთი ნაწილისათვის საგანმანათლებლო ფუნქციის მინიჭება, რის შედეგად ახალგაზრდებს მიეცემა შესაძლებლობა, მიიღონ მრავალფეროვანი განათლება.
ინფორმაციისთვის: 2021 წელს სოფელ არბოში მდებარე ანტონ ფურცელაძის საცხოვრებელ სახლს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი ესტუმრა. იგი გაეცნო ძეგლის იმჟამინდელ მდგომარეობას და პირობა მისცა არბოს მოსახლეობას, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი სრულად აღდგებოდა, რაც განხორციელდა კიდეც.
ანტონ ფურცელაძის საცხოვრებელი სახლი ნაგებია აგურითა და ნატეხი ქვით. პირველი სართულის დერეფანს გასდევს ოთხი სხვადასხვა ზომის ოთახი. მეორე სართული პირველი სართულის საპროექტო გეგმას იდენტურად იმეორებს. სარდაფის უმეტესი ნაწილი უჭირავს მარანს. ზედა სართულის კაპიტალური კედლის საყრდენი აგურის ბურჯები და მასიური თაღებია. მარანში არის 36 სხვადასხვა ზომის ქვევრი. ანტონ ფურცელაძე ლომოურების სიძე იყო, ამიტომაც მისი სახლი 1898 წლიდან დგას სოფელ არბოში. XX საუკუნის 60-იან წლებში აქ რვაკლასიანი სკოლა იყო.
შენობას 2013 წლის 12 მარტს მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.